მამუკა ხაზარაძე – მოვუწოდებ ყველას, დავიწყოთ საერთო ეროვნული გაფიცვა და დაუმორჩილებლობა

მე მოვუწოდებ ყველას, უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული გაფიცვა და დაუმორჩილებლობა, – ასე მიმართა “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აქციაზე შეკრებილ ადამიანებს.

როგორც ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველამ უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი და ეს, პირველ რიგში, საჯარო მოხელეებს ეხება.

“დღეს ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილმა და რუსულმა მთავრობამ საქართველოში მოახდინა კონსტიტუციური გადატრიალება. დღეს ბიძინა ივანიშვილის ეს ბიჭები, რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დგანან ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მე მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ ჩემი კონკრეტული ხედვა – პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო (თუმცა სამადლობელი არაფერია) საგარეო სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებმაც გამოაცხადეს პროტესტი. ჩვენ, ქართველები ვართ ემოციური ხალხი და გვინდა, მივაღწიოთ საწადელს ძალიან მალე. მინდა გითხრათ, რომ დღეს არის ორი საქართველო – ერთი ამ ბანდის სახით, რომელიც რუსებისა და პუტინის სამსახურშია და მეორე – თავისუფალი საქართველო, რომელიც აქ არის. შუაში აღარაფერი არ არის, ამიტომ არჩევანი ყველამ უნდა გააკეთოს, პირველ რიგში, არჩევანი უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მსახურობენ საჯარო სექტორში. მარტო რუსთაველის გამზირზე არ წყდება საქართველოს ბედი, გამოსვლები დაიწყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. მე მოვუწოდებ ყველას, უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული გაფიცვა და დაუმორჩილებლობა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიცაჰკნა: ოცნების გადაწყვეტილება გარდაუვალი შედეგია იმისა, როგორ მოატყუეს მთელი მოსახლეობა
შემდეგი სტატია“მე ვდგავარ ქართული მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ” -პრეზიდენტი