მამუკა ხაზარაძე მიმართვას ავრცელებს

დღეს საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს არის ის, რასაც პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” ერთი კვირის წინ მოუწოდებდა მთავრობას. კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა ეს ნეგატიურად იმოქმედებს ჩვენს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკაზე. უამრავი ადამიანი დარჩა და დარჩება სამსახურის და შემოსავლის გარეშე.
დღეს ორი უმთავრესი ამოცანაა გადასაწყვეტი – უნდა დავამარცხოთ ეპიდემია და გვერდით დავუდგეთ ადამიანებს, განსაკუთრებით მოხუცებს, ბავშვებს, სოციალურად დაუცველებს.
ახლა, როგორც არასდროს, გვმართებს ერთიანობა. “ლელო” მოუწოდებს ყველა ძალას რესურსისა და გამოცდილების გაერთიანებისკენ. ჩვენი პარტია მზადაა, ამ გამოწვევაში თავისი წვლილი შეიტანოს მთავრობასთან და სხვა პარტიებთან ერთად.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგად თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და კრიტიკული იქნება. თუმცა, ამავე დროს, ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობა ამ ვითარებაში ასმაგად მნიშვნელოვანია.
საგანგებო მდგომარეობა საქართველოს კონსტიტუციით შეუზღუდავი მოქმედების საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, რომელმაც უნდა მართოს ეს კრიზისი.
რამდენად მზად არის დღევანდელი მთავრობა ამ კრიზისთან გასამკლავებლად, პროგნოზების გაკეთება ჯერ ნაადრევია. თუმცა ჩვენ, პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” ჯერ კიდევ გასულ კვირას მოვუწოდებდით საქართველოს ხელისუფლებას, შეექმნა ოპოზიციის და მმართველი პარტიისგან დაკომპლექტებული, ანტიკრიზისული საკოორდინაციო საბჭო, რომელიც იქნებოდა დემოკრატიის დამზღვევი მექანიზმი და კოორდინირებულად, შეთანხმებულად იმუშავებდა იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რომელიც ახლა ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისა და გაერთიანებისკენ. ჩვენი ქვეყანა ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვა!-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის მიმართვა საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: მთავრობა რეალურად არ დაპირისპირებია სააპატრიარქოს და ესაა წინასწარი შეთანხმება