მამუკა ხაზარაძე: ყველაზე მთავარი – ადამიანი იქნა დავიწყებული, რომლისთვისაც უნდა მუშაობდეს პარლამენტი და მთავრობა

„6 თვე დასჭირდა შეთანხმების მიღწევას, ბოიკოტის პირობებში, უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც არის საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ,რომელიც არის სასამართლოს რეფორმა. ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობა. 6 თვე, როცა „ქართულ ოცნებას“, მმართველო ძალას ამისათვის ჰქონდა 8 წელიწადი“, -განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე იმყოფება, რადგან დაქირავებულია ქართველი ხალხის, ქართველი ამომრჩევლის მიერ.

„მინდა გითხრათ, რომ დღეს არ ვაპირებდი გამოსვლას, ვიფიქრე შევეგუები, გავიგებ რა ხდება ზოგადად პარლამენტში. მინდა გითხრათ, რომ პირველად ვარ 30 წლის შემდეგ პარლამენტში, როცა დაქირავებული ვარ ქართველი ხალხისა და ამომრჩევლის მიერ. მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვარ ახლა თქვენთან. ამ 8 წლის განმავლობაში, ქვეყანა მოექცა ჩაკეტილ წრეში, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება. ყველაზე მთავარი ამ პროცესში არის ის, რომ ადამიანი იქნა დავიწყებული. ადამიანი, რომლისთვისაც უნდა მუშაობდეს პარლამენტი, მთავრობა.

სად ვართ და სად ვიყავით 8 წლის წინათ?. 2012 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი იყო 16.5 მილიარდი. 2020 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი 15.9 მილიარდი. პირდაპირი ინვესტიციები ისტორიულ მინიმუმზეა, ლარის კურსი ბოლო 8 წელიწადში 100% გაუფასურდა დოლართან მიმართებაში. ისტორიულ მაქსიმუმზეა სოციალური დახმარებები და რაოდენობა იმ ადამიანების, ვისაც სახელმწიფო ეხმარება. ისტორიულ მაქსიმუმზეა ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რაოდენობა. მაქსიმუმზეა უმუშევრობა. ყველა ინდექსში თითქმის ბოლო ადგილზე ვართ. თქვენ 6 პრემიერი გამოცვალეთ 8 წლის განმავლობაში და არცერთმა პრემიერმა არ გააგრძელა წინა პრემიერის დაწყებული თუნდაც იდეა და პროექტი იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყნის განვითარების სტრატეგიული პროექტი. ამ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური რევოლუცია. წინასაარჩევნოდ ასფალტის დაგება არის ამომრჩევლის მოსყიდვა, იმ ასფალტსაც კი რომ ვერ აგებს წესიერად. ქვეყანა ჩაფლულია ნეპოტიზმის და კორუფციის ჭაობში. ბიზნესი შესულია გარიგებაში ტენდერების საშუალებით. აი, აქ ვართ დღეს ჩვენ და ეს ქვეყანა ასე არ განვითარდება“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: „არანაირი კრიზისი განმუხტული არაა – კრიზისი იმაზე არ იყო დამოკიდებული პარლამენტის დარბაზში ვინმე შემოვიდოდა თუ არა“
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: დიდი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის რომ ქვეყანა დავიხსნათ მძიმე პოლიტიკური კრიზისისგან