მამუკა ხაზარაძე: ეს არის ფარსი და დადგმული ბიძინა ივანიშვილის მიერ

TBC ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ომბუდსმენის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის მასალებში არ ჩანს ფულის გათეთრების დანაშაულის აუცილებელი ელემენტები. მამუკა ხაზარაძის თქმით, განცხადება ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი საქმე.

“სხდომაზე უკვე საუბარიც კი აღარ ღირს, ეს არის ფარსი, დადგმული ბიძინა ივანიშვილის მიერ. ეს არის მარიონეტული პროკურატურა, რომელიც დაკავებულია იმით, რომ სხდომის მერე პიარულად რაღაცა მიაწოდოს საზოგადოებას. უკვე ეს მასალაც აღარ აქვთ, განსაკუთრებით, როცა რამდენიმე დასკვნა დაიდო გარე ექსპერტების, არამარტო ქართვლების, არამედ უცხოელების. ომბუდსმენის დასკვნა ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი საქმე”, – თქვა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ ეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გააკეთა. დღეს სასამართლოში საქმეზე მორიგი სხდომა იმართება. ბადრი ჯაფარიძის თქმით, პროკურატურას ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათას ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. 14 თებერვალს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ “ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა”.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აშშ-ის საელჩო კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს – „მოუთმენლად ველით საქართველოში მის ჩამოსვლას“
შემდეგი სტატიაპრემიერმა გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გახსნა