21 დღეში “ძლიერი საქართველო” გაიმარჯვებს, დასრულდება 12-წლიანი ტყუილის პერიოდი და ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად სხვა რეალობაში გადავა – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ოპოზიციონერმა ლიდერმა რაჭაში იმ გეგმებზე ისაუბრა, რის განხორციელებასაც “ძლიერი საქართველო” გამარჯვების შემთხვევაში აპირებს.
ხაზარაძის განმარტებით, „ძლიერი საქართველო“ ერთადერთი კოალიციაა, რომელსაც 27 ოქტომბრიდან სამოქმედო გეგმა სრულად აქვს.
მე მინდა გითხრათ, რომ 21 დღეში ძლიერი საქართველო გაიმარჯვებს და დასრულდება 12-წლიანი სტაგნაციის პერიოდი, დასრულდება 12-წლიანი ტყუილის პერიოდი და ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად სხვა რეალობაში გადავა, ახალ ცხოვრებას დავიწყებთ და მე მინდა, რომ თქვენი მხარდაჭერა ჰქონდეს ამ განწყობას და ერთად დავაფიქსიროთ, რომ ეს გამარჯვება არის ძალიან ახლოს.
ჩვენ, სულ რამდენიმე თვის წინ, ივლისში, შევქმენით ძალიან ძლიერი კოალიცია. ამის კეთება დავიწყეთ მანამ, სანამ არჩევნები იქნებოდა იმიტომ, რომ პირველად საქართველოში ტარდება სრულად პროპორციული არჩევნები და ყველამ ვიცით, რომ ეს ქვეყანა უნდა მართოს კოალიციამ, უნდა მართოს სხვადასხვა პარტიებმა, რომლებიც შეთანხმებულები არიან ერთ გეგმაზე, გეგმაზე, რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს, რომელიც ემსახურება თითოეულ ოჯახს, თითოეულ ადამიანს და ასეთი გეგმა ჩვენ შევქმენით. არ იყო ეს მარტივი პროცესი, პირიქით, ძალიან რთული პროცესი იყო იმიტომ, რომ ოთხი პარტია გავერთიანდით: ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები”, ანა დოლიძის “ხალხისთვის”, ლევან ცუცქირიძის “თავისუფლების მოედანი” და ახლახანს შემოგვიერთდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი. მინდა გითხრათ, რომ ამ პროგრამის წერის დროს ბევრჯერ ვიკამათეთ 1000-ლარიან პენსიაზე, ალეკოს დარწმუნება იყო რთული და ა.შ, მაგრამ შევჯერდით იმაზე, რომ ჩვენ ახლა ვართ ერთადერთი კოალიცია, რომელსაც აქვს სრული გეგმა, როგორ უნდა დავიწყოთ მოქმედება 27 ოქტომბერს, როგორ უნდა გამოვასწოროთ ქვეყანაში მიძინებული სიტუაცია, იქნება ეს მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, იქნება ეს ემიგრაციის საკითხი თუ ნებისმიერი სხვა.
“ძლიერი საქართველოს” ლიდერმა “ოცნების” მმართველობის პერიოდიც შეაფასა და განაცხადა, რომ ხელისუფლების პოლიტიკის საქართველოს და საქართველოს ხალხს პრაქტიკულად დაეხურა ევროკავშირის კარი, ის რისთვისაც ჩვენი ქვეყანა წლები იბრძოდა.
ჩვენ უნდა ვიაროთ “ილიას გზით” და ეს გაწყვეტილი ძარღვი, რომელიც კომუნისტებმა გაწყვიტეს, უნდა დავიბრუნოთ – ამბობს მამუკა ხაზარაძე.
რა მოგვიტანა ოცმა წელმა? 20 წელი მართავდა ორი პარტია ამ ქვეყანას და დღეს ისევ უნუგეშო მდგომარეობაში ჩავვარდით, განსაკუთრებით ბოლო 12 წლის მანძილზე, “ქართული ოცნების” წყალობით იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, მიუხურა კარები იმ არჩევანს, რომელიც ჩვენმა და თქვენმა თითოეულმა ხმამ მისცა და კონსტიტუციაში ჩავწერეთ, ეს არის ევროპული არჩევანი. ჩვენ ვართ ძველი, ღირსეული ევროპული ქვეყანა და სწორედ ევროპაშია ჩვენი ადგილი. რატომ ევროპაში? ჩვენ რა დამოუკიდებლები არ ვართ? თავისუფლები არ ვართ? რა თქმა უნდა, დამოუკიდებლებიც ვართ და თავისუფლებიც, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სივრცე, სადაც ამ დამოუკიდებლობას, ნამდვილ მშვიდობას, ნამდვილ უსაფრთხოებას მივიღებთ და ასეთი სივრცე არ არის რეორგანიზებული საბჭოთა კავშირი, ასეთი სივრცე არის ევროპა და იქ უნდა ვიყოთ ჩვენ, სადაც წარვადგენთ სწორედ იმას და იმ პროგრამას, რომლითაც ვიამაყებთ: ჩვენი მამული, ჩვენი ენა, ჩვენი სარწმუნოება და სწორედ ამიტომ დავარქვით ჩვენს პროგრამას “ილიას გზა”. ჩვენ უნდა ვიაროთ “ილიას გზით” და ეს გაწყვეტილი ძარღვი, რომელიც კომუნისტებმა გაწყვიტეს, უნდა დავიბრუნოთ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ილია მოკლეს 117 წლის წინ, მაგრამ მისი იდეა და ხედვა თუ სად უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა, ვერ მოკლეს. ევროპის მოედანია ის ადგილი, სადაც ჩვენ გვექნება ძლიერი ეკონომიკაც, მაღალი პენსიებიც და ა.შ
მინდა გითხრათ, რომ ამ კუთხესთან, ამ მხარესთან ძალიან დიდი ბედნიერება მაკავშირებს. ჩემი მეუღლე, ვისთან ერთადაც ვსწავლობდი სკოლაში, 34 წლის წინ დავოჯახდი მასთან და ხუთი შვილი გავუზარდეთ ამ ქვეყანას და მე ამით ძალიან ვამაყობ. ის, რაც ადამიანს გაბედნიერებას, ამაზე ხმამაღლა უნდა ილაპარაკო. მეორე ძალიან დიდი ამბავი, რომელიც ჩვენს ოჯახში მოხდა იყო ბადრი ჯაფარიძე, რომელმაც ჩემს დას სთხოვა ხელი. ბადრი წარმოშობით რაჭველია, დედ-მამაც ამბროლაურიდან, ონიდან არიან წარმოშობით და მასთან ერთად მე ძალიან ბევრი ქარტეხილი გავიარე ბოლო 34 წლის განმავლობაში და ძალიან ბევრი კომპანია შევქმენით, 15000 ადამიანი დღესაც მუშაობს ამ კომპანიებში, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელები ვართ ბიუჯეტის, მაგრამ ბოლო 4 წელი, როცა დავინახეთ, რომ ამ ხელისუფლებამ გააჩერა უზარმაზარი პროექტი, რომელიც რაჭიდან დაწყებული კახეთით დამთავრებული , სამეგრელოზე აღარ მაქვს საუბარი, ფეხზე დააყენებდა, ფუნქციას მისცემდა ქვეყანას, ანაკლიაზე მაქვს საუბარი, მივხვდი, რომ ეს იყო პირველი შეტევა საქართველოს დამოუკიდებლობაზე, რომ ფუნქცია ჰქონოდა ამ ქვეყანას.
გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ქვეყანა არ იყოს რუსეთს მიწებებული კუთხე, არამედ იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი ქვეყანა თავისი ეკონომიკით და თავისი ფუნქციით რეგიონში, ამიტომ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს თქვენთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ და 26-ში ყველამ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება და ეს გამარჯვება იქნება ძლიერი საქართველოს მშენებლობის დაწყება.
მამუკა ხაზარაძემ ამბროლაურის მოსახლეობასთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილის ტყუილ დაპირირებებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ “ოცნებას” ამ არჩევნებზე თავი აღარ უნდა მოვატყუებინოთ.
რას დაგვპირდა ბიძინე ივანიშვილი? დაგვპირდა 100 ქარხანას. მე აქ ვერ ვხედავ ქარხნებს, გადამამუშავებელ საწარმოებს ვხედავ, მაგრამ ქარხნებს ვერა. ვერ ვხედავ ვერცერთ რეგიონში, სადაც ვმოგზაურობ და დამერწმუნეთ, მთელი საქართველო მოვიარე ჩემს მეგობრებთან ერთად, ვერ ვხედავ უფასო ფულს, თან გრძელვადიანს. ვერ ვხედავ ევროპელების განცვიფრებულ სახეებს ჩვენი დემოკრატიით და ასე შემდეგ. 12 წელია მიმდინარეობს ტყუილების კასკადი და უკვე ლაპარაკია ღირსებაზე, როცა ერთხელ მოგატყუებენ, მეორედ თავი არ უნდა მოატყუებინო ადამიან იმიტომ, რომ ვიქნებით ამ მდგომარეობაში. მე არ მინდა ეს საქართველო ვიხილო 27 ოქტომბრის შემდეგ, მე არ მინდა განათლებული ადამიანები, რომლებიც აკადემიურ საქმიანობას ეწეოდნენ, რომლებიც სამსახურით იყვნენ დაკავებულები, ჩვენი დედები, მამები ამ დღეში. ჩვენი ბებია-ბაბუები დღეს დახლთან დგანან და ისეთ საქმეს ეწევიან, რომელიც მათთვის არ არის , მაგრამ გადარჩენაზე აქ საუბარი. მე არ მინდა ასეთი საქართველო! არ არის ეს ქვეყანა და ხალხი ამის ღირსი. ნიჭიც გვაქვს, შეძლებაც, შემოქმედებითი უნარიც და ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ. ამათი პოლიტიკით ამას ემატება ისიც, რომ მილიონ-ნახევარი ჩვენი მოქალაქეებისა გასულები არიან – ერთი საქართველო საქართველოს გარეთ ცხოვრობს. არ დარჩენილა ოჯახი, რომელსაც ვიღაც არ ჰყავს ემიგრაციაში. ახალგაზრდები – 75000 ახალგაზრდა 22-დან 29 წლამდე, გავიდნენ ბოლო ორ წელიწადში ქვეყნიდან. ჩვენი გენოფონდი, ჩვენი ოქროს ფონდი გავიდა არა სამოგზაუროდ, არამედ დარეგისტრირდა დ აიქ წავიდა იმიტომ, რომ ვერანაირი პერსპექტივა და ხედვა აქ ვერ დაინახეს. ამან ეგრევე მოგვცა შედეგი – 30 წლის მერე დემოგრაფიის თვალსაზრისით გვაქვს კლება. ამ პატარა ერს გადარჩენა სჭირდება და სულ გადარჩენისთვის ვიბრძოდით და გადარჩენას უბრალოდ ხმის ამოღება სჭირდება. გადარჩენას სჭირდება რომ შენს მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს უთხრა, რომ იცი რა, ასე ცხოვრება არ შეიძლება და მოდი, დემოკრატიულად, მშვიდობიანად გავისტუმროთ ეს ხალხი. არ გეუბნებით რომ კოალიცია ია-ვარდით მოფენილი გზა იქნება, მაგრამ არ იქნება ერთმმართველობითი სისტემა, სადაც გამგეობაში მომუშავეს სულს სხვა აზრი აქვს და შეიძლება აქ უნდოდეს და ვერ მოდის იმიტომ, რომ ეშინია რომ მოხსნიან. ან სოციალურ დახმარებაზე მყოფი ადამიანი, რომელიც შეიძლება მთელი გულით არის აქ, იმიტომ რომ იმ გაჭირვებაში ყოფნა არ უნდა.
650 000 სოციალურ კმაყოფაზე არის საქართველოში. ეს რას ნიშნავს მეგობრებო? 650 000 ადამიანს უთხრეს, იცი რა, შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, მე ყოველთვიურად ფულს მოგცემ და თუ სადმე სამსახური იშოვე ამასაც წაგართმევ. ჩემთან სოფელში ვიყავი, ეკლესიის კურთხევა იყო. კურთხევის შემდეგ ტრაპეზი მოეწყო, ერთ-ერთმა მამაომ თქვა, რომ აქო ხმა დადისო, რომ სოცმუშაკი რომ მოდის ხალხი ერტმანეთს ეუბნება მოხუცი მათხოვე მწოლიარეო, რომ ვაჩვენოო, გესმით სანამდე მივიდა სიტუაცია? სასაცილოც აღარ არის ეს ყველაფერი!
ოპოზიციონერმა ლიდერმა პენსიონერებზეც ისაუბრა და თქვა, რომ 1000-ლარიანი პენსიის იდეა სრულიად რეალურია, რომელსაც, მისი განცხადებით, “ძლიერი საქართველო” არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად განახორციელებს.
მე სიტყვის კაცი ვარ და ვერცერთ საქმეს ვერ ნახავთ სადაც მე ვთქვი და არ გავაკეთე – ამბობს მამუკა ხაზარაძე.
850 000 პენსიონერი გვყავს ჩვენ და ეს ადამიანები ყოველდღე ფიქრობენ წამალი იყიდონ თუ საჭმელი. ეს არის რელობა და როცა ჩვენ გამოვედით 1000-ლარიანი პენსიის იდეით, დამერწმუნეთ, ეს არარის დაპირება, მე სიტყვის კაცი ვარ და ვერცერთ საქმეს ვერ ნახავთ სადაც მე ვთქვი და არ გავაკეთე. და თუ სადმემ ხელი შემიშალა, მაგ. ანაკლიაში, გამოვედი, ვთქვი, რომ ეს ყველაფერ ჩემ თავზემოთ ძალებმა გააჩერეს. ისეთი ძალები ჩაერივნენ იქ, რომ შეუძლებელი იყო რამე გაკეთებულიყო, მაგრამ გპირდებით რომ როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. როცა ჩვენ ვთქვით 1000-ლარიანი პენსია, დაიწყო კამათი. სანამ ოცნება გამოფხიზლდებოდა, დაგვარტყეს. 20 ლარით უმატებენ ახლა და ხომ უნდა თქვან რაღაც, როგორ შეიძლება 1000 ლარით როგორ მოუმატებ. 4 წელიწადში მივღწევთ ამას და პირველივე წელიწადს გაიზრდება რადიკალურად. მერე დაითვალეს ოპოზიციურმა პარტიებმა და თქვენ თუ დააკვირდებით ტელევიზორში ყველას 1000-ლარიანი პენსიის დაპირება აქვს, ძალიან კარგი, მე მივესალმები, მთავარია, საქმე გავაკეთოთ”, – განაცხადა “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა.