ანაკლიის პროექტში უნდა დაბრუნდნენ ამერიკული კომპანიები და მხოლოდ მათი ჩართულობითაა შესაძლებელი ანაკლიის საუკუნის პროექტის განხორციელება – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
“გვაქვს შანსი გავხდეთ დიდი სავაჭრო გზების შემკრები კარიბჭე, სადაც ასეულ მილიარდიანი საქონელბრუნვაა შესაძლებელი” – ამბობს ხაზარაძე:
აშშ-ს სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა წარადგინა კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის მიერ მსოფლიოს სტრატეგიულ პორტებზე კონტროლის, მონიტორინგისა და წინააღმდეგობის გაწევას, რასაც კანონმდებლები უწოდებენ პირდაპირ საფრთხეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესებისთვის.
საქართველოს შემთხვევაში, ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ანაკლიის პორტს უმნიშვნელოვანესი ფუნქციია ეკისრება, ანაკლიის პორტს და მის უკან თავისუფალი ეკონომიკური ქალაქის მშენებლობას რადიკალურად შეუძლია შეცვალოს ქვეყნის რეგიონალური პოზიციონირება, გვაქვს შანსი გავხდეთ დიდი სავაჭრო გზების შემკრები კარიბჭე, გავხდეთ ასეულ მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვის ბენეფიციარი, გავხდეთ მძლავრი ეკონომიკა, გავხდეთ ფინანსური, ლოჯისტიკური და საწარმოო ჰაბი, რომელიც თავისთავად შექმნის ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალ ღირსეულ სამუშაო ადგილებს, ალბათ ყველა ხვდება ამ პროექტის განხორციელება თუ რამდენად დაგვაახლოებს აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტას, კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარია ასეულ მილიარდი დოლარის, საქონლის და მომსახურების გატარებაზე ანაკლიის პორტის და ქალაქ ანაკლიის მეშვეობით.
ამ პროექტის წარმატება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პრეზიდენტ ტრამპის ახალ ინიციატივებთან კავშირში შეიძლება განხორციელდეს, კერძოდ, ანაკლიის პროექტში უნდა დაბრუნდნენ ამერიკული კომპანიები და მხოლოდ მათი ჩართულობითაა შესაძლებელი ანაკლიის საუკუნის პროექტის განხორციელება. ზემოხსენებული სენატორების კანონპროექტი პირდაპირ ადასტურებს აშშ-ს ინტერესს მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი მოქმედი თუ მომავალი პორტების მიმართ, როგორც შემაკავებელი პოზიცია ჩინური გავლენების საპირისპიროდ.
არის თუ არა ანაკლია და საქართველო ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის ეკონომიკურ ინტერესში? – დიახ არის. შეერთებული შტატების გაძლიერებული ინტერესი ბუნებრივი რესურსების და ნედლეულის მიმართ ანაკლიას უფრო მიმზიდველს ხდის, მოგეხსენებათ, ნედლეულით მდიდარი ცენტრალური აზიის ქვეყნებზე უმოკლესი გზა საქართველოზე გადის.
ქვეყნის ეროვნული და სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე სასწრაფოდ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ამ საკითხზე კომუნიკაციის დაწყება, მათი მოწვევა ღიად და პირდაპირ ამ პროექტში. პარტიები მოდიან და მიდიან, ხელისუფლებები იცვლება, ქვეყნის უსაფრთხოება და მისი გრძელვადიანი კეთილდღეობა ყველა ჩვენთაგანის ვალია. ასეთი შესაძლებლობების ფანჯარას დროული გამოყენება სჭირდება.
ნუ გავუშვებთ ამ ისტორიულ შანსს!”- თქვა ოპოზიციის ლიდრმა.