მამუკა ხაზარაძე – აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას, ევროკავშირთან მოლაპარაკებას აღვადგენთ, პარალელურად მოლაპარაკებას დავიწყებთ რუსეთთანაც, მაგრამ მაგიდაზე მარტო არ დავსხდებით

მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში, პირველი რიგში აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან, აღვადგენთ მოლაპარაკებას ევროკავშირთან, პარალელურად დავიწყებთ მოლაპარაკებას რუსეთთანაც, მაგრამ მაგიდაზე მარტო არ დავსხდებით, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოკავშირე არ ჰყავს, რომელსაც შეიძლება, უთხრას, „დამიდექი გვერდში, რუსეთს უნდა ველაპარაკო, მეზობელია, ნორმალური ურთიერთობა მინდა, არ მინდა ომი, მაგრამ არ მინდა, გადამყლაპოს“.

„აზერბაიჯანს რეგიონში მოკავშირე თურქეთი ჰყავს. ჩვენი რეგიონული მოკავშირე ვინ არის? როცა ახალი არჩევნები იქნება, ვინ არის ჩვენი მოკავშირე, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე რუსეთმა არ დაგვჩაგროს, რისი ჩანაფიქრიც ჰქონდა პუტინს, როდესაც ტრამპს ელაპარაკა: უკრაინა არ გვინდა და ჩვენ დავლაგდეთო. მთელი ევროპაა აღშფოთებული, მაგრამ იმედია, ცოტა ხანში ძალიან ბევრი გაირკვევა. ვინ არის ჩვენი მოკავშირე, ვის ეუბნები: დამიდექი გვერდში, რუსეთს უნდა ველაპარაკოო და შუამავლად დამიდექიო, იმიტომ რომ მეზობელია, ნორმალური ურთიერთობა მინდა, არ მინდა ომი, მაგრამ არ მინდა, გადამყლაპოს, არ მინდა, 20 პროცენტი 80 პროცენტი გახდეს. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პირველი რიგში რასაც გავაკეთებთ – აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან, აღვადგენთ მოლაპარაკებას ევროკავშირთან, რომ სწრაფად მივიღოთ დაფინანსება და ფეხზე დავდგეთ. ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი უსაფრთხოება, ჩვენი მოქალაქის წელში გამართვა ეკონომიკურად მოხდეს, განცდა რომ ჰქონდეს, ქვეყანაში შემოსავალი ყოფნის და დაგროვების საშუალებაც უჩნდება, რომ მერე ინვესტიცია ჩადოს პატარა ბიზნესში. პარალელურად დავიწყებთ მოლაპარაკებას რუსეთთანაც, მაგრამ მაგიდაზე მარტო არ დავსხდებით. უსაფრთხოების სისტემა არ გაგვაჩნია, გვაქვს უშიშროების საბჭოს მსგავსო ორგანო, სადაც საფრთხეებს განიხილავენ?“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, საქართველოს აქვს შანსი ბალანსი მიიღოს, მაგრამ არა კაპიტულანტურად, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი აკეთებს.

„სასწრაფოდ უნდა აღვადგინოთ ათწლეულობით ნაშენები ურთიერთობა ევროპასთან, მოხდეს ინვესტიციების შემოტანა, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ჩვენი ჯარის გაძლიერება, რომ დაინახოს, ჩვენ ხელწამოსაკრავი ერი არ ვართ. დავიწყოთ ისეთი პროექტების კეთება, რომელიც რეგიონისთვის იქნება საინტერესო, და არა ის, რომ ამერიკას გააგდებ და რუსეთს შემოიყვან. ჩვენ გვაქვს საშუალება, ბალანსი მივიღოთ. ვერ გადავკეტავთ კავკასიონს და რუსეთში მცხოვრებს ჩვენს მოქალაქეებს საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებთ, მაგრამ ასე, კაპიტულანტურად, როგორც ეს აკეთებს დავალებით – გამორიცხულია. ეს არის კაპიტულაცია, ეს არის რუსეთზე ქვეყნის ჩაბარება. რუსეთში მეგობრებიც მყავს, ძალიან მაგრად ვიცნობ რუსულ კულტურასაც, მაგრამ არ კავშირში ის ერთმორწმუნეობა, რომელიც უნდათ, რომ მოვიდნენ, ჩაგეხუთონ, ჩაგახრჩონ, მერე ხალხი დაგიხოცონ, გინტური მოგიკლან და მერე ზემოდან ცინიკურად გადმოგხედონ – ამას ვერ შევეგუებით. თუ გინდათ, ამას შევეგუოთ, ეს არის ბიძინას გზა და მე გეუბნებით, სხვა გზით უნდა ვიაროთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი ეთანხმება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეიმს დევიდ ვენსის მოსაზრებას, რომ ევროპაში სიტყვის თავისუფლებას პრობლემები აქვს
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი ასამბლეა მედიის უფლებადამცველ ორგანიზაციებს განცხადებით მიმართავს