მამუკა ხაზარაძე – ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით წინა პრემიერის დროს კაბალურ ხელშეკრულებაზე მოგვაწერინეს ხელი, რომ არ მოგვეწერა, ახლა აქ არ ვიქნებოდით

წინა პრემიერ-მინისტრის დროს, პრაქტიკულად, კაბალურ ხელშეკრულებაზე მოგვაწერინეს ხელი, ბევრი სპეკულაცია იყო, თითქოს, ვიღაც დაგვეხმარა, მაგრამ პირიქით, – ამის შესახებ ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესი პროექტია.

„ეს არის საჯარო და კერძო ინიციატივა, ასეთი ურთიერთობის პირველი შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ჯერ მზად არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვახერხეთ და გავაფორმეთ ხელშეკრულება სახელმწიფოსთან. მინდა, ახლავე გითხრათ, რომ წინა პრემიერ-მინისტრის დროს პრაქტიკულად, კაბალურ ხელშეკრულებაზე მოგვაწერინეს ხელი. აქ ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო, თითქოს, ვიღაც დაგვეხმარა, მაგრამ პირიქით. საუბარია ჩვენს კორპორაციასა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულებაზე. მასზე მუშაობდა ორი იურიდიული კომპანია. სახელმწიფოს მხრიდან 2016 წელს მუშაობდა „დეკერსი“. ხელშეკრულება დაგვიდეს, გახსოვთ ვინ იყო იმ დროს პრემიერი, გახსოვთ ეკონომიკის მინისტრი. ჩვენ გვაბრალებდნენ, თითქოს, რაღაც საჩუქარი მივიღეთ. მესმის მათი პოზიცია, მათ სახელმწიფოებრივი ინტერესები დაიცვეს ისე მკაცრად, რომ არც ერთი ნორმალური ბიზნესმენი მას ხელს არ მოაწერდა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, მათ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას და გადავადება და გაჭიანურებაც იმით არის გამოწვეული, რომ პროექტის დამფინანსებელი ბანკებისთვის ხელშეკრულების რვა პუნქტი მიუღებელია.

„ჩვენი დამფინანსებელი ბანკებისთვის, ოთხი ბანკისთვის, რომელიც 400 მილიონ დოლარზე მუშაობს, მიუღებელია რვა პუნქტი იმ ხელშეკრულებაში. „ნოთ ბენქებელ“ – არის სიტყვა, „ნოთ ბენქებელ“ სიტუაციაში, ისინი შეხვდნენ მთავრობას რამდენიმე კვირის წინ. მთავრობამ უთხრა, მოეცათ წერილობითი ფორმით, აღნიშნული რვა პუნქტი გამზადებულია. ეს ჩვენი მოთხოვნა არ არის, ეს არის დამფინანსებლების მოთხოვნა, რადგან ასეთი ტიპის ხელშეკრულებები არ მუშაობს. მესმის, რატომ მოგვაწერინეს ხელი მაშინ, რომ არ მოგვეწერა ხელი, ახლა აქ არ ვიქნებოდით. ამიტომ, ჩვენ ეს რისკი ავიღეთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა
შემდეგი სტატიაამ ქვეყანაში ჯერ კანონები არ შეუცვლიათ და მსგავსი დეფინიცია შსს მინისტრისგან უბრალოდ უსაგნოა-თინა ხიდაშელი