მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ე.წ. მუქარის წერილის ორიგინალის პროკურატურისთვის გადაცემაზე სახალხო დამცველთან კონსულტაციები მიმდინარეობს

მუქარის წერილის ორიგინალის პროკურატურისთვის გადაცემასთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან კონსულტაციები მიმდინარეობს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა ხაზარაძემ მედიას სთხოვა, აქტიურად ჩაერთოს პროცესში, რადგან ქვეყანაში ყველა დოკუმენტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

„ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ამაში სახალხო დამცველი ჩავრთოთ. ახლა კონსულტაციები მიმდინარეობს. ჩვენი იურისტები სქემას მოიფიქრებენ. პირველ რიგში, მედიას მინდა ვთხოვო, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს, რათა პროცესი გამჭვირვალე იყოს. არა მარტო ამ მიმართულებით, არამედ იმ აბსურდული ბრალდების მიმართულებით, რომელსაც ჩვენ წელიწადნახევრის განმავლობაში გვიყენებენ. ამ ქვეყანაში ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე, ნათელი და ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ყველა ექსპერტული დასკვნა უკვე თბილისშია. დიდი დრო დასჭირდა იმის გამო, რომ იყო საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. ურთულესი ექსპერტიზა ჩატარდა. ეს ყველაფერი გადაეცემა პროკურატურას, დღეს, საათსა და ადგილს ჩვენი ადვოკატები მოგახსენებენ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 11 სექტემბერს განაცხადეს, რომ წერილის ეპიზოდი ჩიხში შეიყვანა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ წარმოადგინა არც „წერილის“ ორიგინალი და სასამართლოში გამოკითხვისას არ დაასახელა შუამავალი.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე : ირაკლი კობახიძეს დავპირდი, რომ ჩემი ხელით ჩამოვკიდებ „ოქტომბრელის” გულსაბნევს 2020 წლის ოქტომბერში
შემდეგი სტატიაევროკავშირის ელჩის ღია გზავნილი ხელისუფლებას: “ანაკლია ევროკავშირისთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც ნამდვილად გვინდა, რომ განხორციელდეს”