მამუკა კაციტაძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრის თემა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება

“ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განცხადებით, პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრის თემა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება, – ამის შესახებ მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტისა და ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. როგორც კაციტაძემ აღნიშნა, არასაპარლამენტო ოპოზიცის ინტერპარტიული ჯგუფს ადრეც ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა პრეზიდენტთან სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. “დღეს ვაგრძელებთ ამ შეხვედრებს და თემა ამჯერადაც არის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა პრემიერთან, სადაც გარკვეული კონტურები გამოიკვეთა ხელისუფლებასთან მომავალი თანამშრომლობის. აქედან გამომდინარე, გაჩნდა გარკვეული ზომიერი იმედები”, – განაცხადა კაციტაძემ. მისივე თქმით, გუშინ ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს მიმართა და მოითხოვა სხდომა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რადგან საერთო-საჯარო განხილვა დამთავრდა. “რიგგარეშე სხდომის შემთხვევაში, პარლამენტი ან მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს, ამიტომ, ჩვენ ამ თემაზეც გვექნება საუბარი. საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე დაგეგმილია პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში, სადაც ალბათ ეს თემაც იქნება გარკვეულწილად მოქცეული. ჩვენი წარმომადგენლები ასევე არიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც უკვე გარესამყაროს ესაუბრებიან ამ თემებზე. ამიტომ არასაპარლამენტო ოპოზიციას გვინდა, რომ ხელისუფლების ყველა შტოს, სამოქალაქო სექტორს, ოპოზიციას და ა. შ. ვესაუბროთ ამ თემებზე, რათა აქტუალიზაცია ამ საკითხის არ მოიხსნას და შევეცადოთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არსებითი ცვლილებები განვახორციელოთ კანონმდებლობაში “,- განაცხადა კაციტაძემ. იგი მიიჩნევს, რომ დღევანდელი შეხვედრა პრეზიდენტთან იქნება წარმატებული. “საერთოდ, ყველა შეხვედრა წარმატებულია, სადაც სიმართლეა”, – განაცხადა კაციტაძემ.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში სახელმწიფო და ქურდული სამყარო თანამშრომლობენ და საქმეში აფხაზი კრიმინალებიც მონაწილეობენ
შემდეგი სტატიაკახა ცხადაძე ეროვნული ნაკრებიდან გაათავისუფლეს