გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ანაკლიის პროექტში დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სანაპიროს ინტეგრირებული მართვის პროტოკოლის არარსებობის გამო, ქვეყანაში პროცესები არაკოორდინირებულად იმართება და რესურსები იფლანგება.
გვილავამ აღნიშნა, რომ ანაკლიის მაგალითი 2007 წლიდან მოყოლებული დაშვებული შეცდომების ერთგვარი კლასიკური ნიმუშია, რადგან ერთ სივრცეში შეუთავსებელი პროექტების განხორციელება სცადეს:
„ანაკლიაში ხან კაზანტიპს ვაკეთებდით, ხან პორტს, ხან ნაპირდაცვას — ერთ ადგილას ტურიზმი, პორტი და ნაპირდაცვა ვერ კეთდება. ერთიც სცადეს, მეორეც და მესამეც, მაგრამ საერთო ჯამში არაფერი გამოვიდა, არცერთი მათგანი არ ფუნქციონირებს. ნაპირდაცვაზე დიდი ფული დავხარჯეთ და გავაჩერეთ, იქ ახლაც კი ყრია ტეტრაპოდები… სანამ არ იქნება ინტეგრირებული მართვა, შეცდომებს სულ დავუშვებთ“, — განაცხადა მამუკა გვილავამ.
ექსპერტის თქმით, მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში შესაბამისი კანონპროექტი მომზადებული იყო, თუმცა მისი მიღებისთვის საჭირო პოლიტიკური ნება არ აღმოჩნდა.















