მამუკა ღლონტი: ,,მაესტროს” ირგვლივ მიმდინარე პროცესები წინასწარ დაგეგმილი და გათვლილი გეგმის შედეგია

ტელეკომპანი ,,მაესტროს” დამფუძნებლები მამუკა ღლონტი და ეკა აკობია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ,,მაესტროს” ირგვლივ მიმდინარე პროცესები მედიის საქმიანიობაში ჩარევის, მისი კონტროლის სრულიად არაკანონიერი, წინასწარ დაგეგმილი და გათვლილი გეგმის შედეგია“.

„ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ამჟამად იდგმება ტელეკომპანიის სხვა პარტნიორების მხრიდან, მათ შორის, საკადრო ცვლილებები მენეჯმენტში, ჩვენთვის არ წარმოადგენს სასურველ და ერთადერთ გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. ჩვენ არ ვეთანხმებით ტელევიზიის დირექტორის პოსტზე წარმოდგენილ კანდიდატურას. ჩვენს ამგვარ პოზიციას საფუძვლად უდევს არა პიროვნული, თუ პროფესიული შეფასების კრიტერიუმები, არამედ არასამართლიანი გარემო, რომლის ფონზეც ვითარდება მოვლენები და ამ გარემოს მთავარი აქტორები – მედიის კონტროლით დაინტერესებული სახელისუფლებო ძალები, ვისი უშუალო მცდელობითა და ძალადობრივი მეთოდებითაც ხდება ტელეკომპანიის მიტაცება. ამჟამინდელი რეალობა კომპანიის ერთ მეწილეს საკონტროლო პაკეტის მფლობელის სტატუსით წარმოგვიდგენს, მეორეს კი მოვლენებზე გავლენის მოხდენის საშუალებას ართმევს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლებრივი გზით და ეს ბრძოლა არ შეწყდება, რამდენი დრო და ენერგიაც არ უნდა დასჭირდეს იმ უკანონობის დამტკიცებას და ძალადობის შენიღბული მეთოდების გამოვლენას, რასაც ამჯერად ვადევნებთ თვალს. ჩვენ არ გაგვაჩნია წილების, შესაბამისად ხმების, საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ შევცვალოთ ეს რეალობა, თუმცა გაგვაჩნია მთავარი- უდიდესი მოთმინება და უსამართლობასთან ბრძოლის დაუმორჩილებელი სურვილი“,- ნათქვამია მამუკა ღლონტის და ეკა აკობიას განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიას მივლინებებში დახარჯული 50 000 ლარი ”დიდ თანხად” არ მიაჩნია
შემდეგი სტატიალუკა კურტანიძე: მე სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიქნები საქართველოს პოლიტიკაში