მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვით ომბუდსმენად დევიდ მორისონი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვითი ომბუდსმენი ბოტანიკურ ბაღში წარადგინა. პრემიერის ინიციატივით, გარემოსდაცვითი უფლებების და ინტერესების დასაცავად, ახალი ინსტიტუტი შეიქმნა, რომელსაც დევიდ მორისონი უხელმძღვანელებს.

ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა იქნება, რომელსაც ეყოლება საკითხების განმხილველი სამდივნო, სადაც მოხდება ცალკეულ აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ომბუდსმენის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მწვანე პოლიტიკის“ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ომბუდსმენი რეკომენდაციებს მოამზადებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. მიიღებს მონაწილეობას საჯარო განხილვებში, გაუწევს კონსულტაციებს დაინტერესებულ პირებს.

„დევიდ მორისონი მრავალწლიან საქმიანობას სამართლებრივ და ფინანსურ საკითხებზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ეწეოდა, 2008 წლიდან კი, საქართველოში აქტიურად ჩაერთო გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებაში. 2008 -2016 წლებში, დევიდ მორისონი ხელმძღვანელობდა კავკასიის ბუნების დაცვის ფონდს (CNF). სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები დაცული ტერიტორიების (ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებებით.

პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დაცულ ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანების შესაძლებლობები. განახორციელა მნიშვნელოვანი ინიციატივა – დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა“, – აცხადებენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : წინა სხდომაზე გამოჩნდა, რომ გიორგი გახარია ოპოზიციისთვის თავის ტკივილი იყო
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა თბილისში ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 10 კი დააჯარიმა