მამუკა ბახტაძე – ზვიად გამსახურდიას ღვაწლი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში განსაკუთრებულია, ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე

ზვიად გამსახურდიას ღვაწლი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში განსაკუთრებულია, ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ გამოფენაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიება არის დაგეგმილი. ამასთან, აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას საიუბილეო მარკა გამოუშვა.

„დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიება არის დაგეგმილი. მისი ღვაწლი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში განსაკუთრებულია. ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა. მე, ისევე როგორც ჩემი მეგობრები, ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება დავგეგმეთ, მათ შორის საქართველოს ფოსტასაც დაევალა და გამოვუშვით საიუბილეო მარკა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სირცხვილია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმე ჯერ კიდევ გამოუძიებელია.

„ფაქტი, რომ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ გამოუძიებელია, ნამდვილად არის დიდი სირცხვილი და ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას. არა მხოლოდ შვიდი წელი, გამსახურდიას საქმე უფრო მეტ ხანს გრძელდებოდა და ბუნებრივია, ამ ყველაფერს უნდა დაესვას წერტილი და ქართული საზოგადოებისთვის ნათელი იყოს, რა მოხდა, ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე. თითოეულ მოქალაქეს, ყველა ჩვენგანს აქვს კითხვის ნიშნები და ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საქმეა, ყველა მოქალაქემ იცოდეს, რა მოხდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში ქვეყნიდან განდევნეს, სამხედრო გადატრიალების შედეგად. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ახალი ცენტრი აშენდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მას ებრძოდა ის ხალხი, ვინც დღეს საქართველო მიიტაცა