მამუკა ბახტაძე – შინაარსობრივი მსჯელობის ნაცვლად, მოვისმინეთ იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია

შინაარსობრივი მსჯელობის ნაცვლად, ჩვენ მოვისმინეთ იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით წარდგა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ოპონენტები მომავალში ინტეპელაციის წესით მსგავსი სახით სარგებლობას არ განაგრძობენ.

„სამწუხაროდ ვიხილეთ მძიმე სურათი, რომელიც იყო პირველი ინტერპელაციის დროს. მეორე კითხვის შემთხვევაშიც კი, როდესაც შინაარსობრივი მსჯელობა უნდა ყოფილიყო ჩვენ მოვისმინეთ იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია. იმედი მაქვს, მომავალში ჩვენი ოპონენტები არ გააგრძელებენ ინტერპელაციის რეჟიმით ასეთ სარგებლობას. ვინაიდან, ჩვენ რაც გჭირდება ყველაზე მეტად ეს არის, საპარლამენტო დემოკრატიის იდეა გამყარდეს და გაძლიერდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, არსებულ კითხვებს პასუხი გაეცა, მათ შორის წერილობითაც.

„ჩვენ გავეცით პასუხები კითხვებზე, რომელიც არსებობდა. ამასთან, წერილობით ფორმატშიც მივწერეთ პასუხები და სამწუხაროდ, მოვისმინეთ ინტერპრეტაციები. არ მოგვისმენია ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად დაინახა.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მსურს, დავადასტურო ჩემი კაბინეტის ყველა მინისტრის განწყობა, რომ ჩვენ გვქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი, ინტენსიური კომუნიკაცია პარლამენტთან, მაგრამ ვისურვებდი, რომ ის იყოს საქმიანი და შედეგებზე ორიენტირებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ორი ინტერპელაცია შედგა. მამუკა ბახტაძე პარლამენტში „ევროპულმა საქართველომ“ მიიწვია და ინტერპელაციის წესის შესაბამისად, მას ორი კითხვა წინასწარ გაუგზავნა. ოპოზიციური ფრაქციის ინტერესი საბანკო რეგულაციებს ეხებოდა.

banner
წინა სტატიაში“თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს
შემდეგი სტატიათუ პრევენციულ ჯანდაცვაზე არ გადავედით, შედეგები არ გვექნება – ჭიაბერაშვილი სერგეენკოს მიმართავს