მამუკა ბახტაძე შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დახვეწა უმოკლეს ვადებში დაასრულონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დახვეწა უმოკლეს ვადებში დაასრულონ.

ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობისა და შენობის ექსპლუატაციაში მიღების საკითხებს ეხებოდა.

„თბილისის მერმა, კახა კალაძემ ძალიან დეტალურად ისაუბრა ამ საკითხზე. ჩემი პირადი პოზიციაა და დარგის ექსპერტებსაც თუ მოუსმენთ, მათ უმრავლესობას აქვს მსგავსი პოზიცია, რომ თავის დროზე, ტექნიკური რეგლამენტების ასეთმა გაუქმებამ შექმნა ძალიან საშიში ვაკუუმი და ეს არის ფაქტი. მუნიციპალიტეტმა, როგორც ნებისმიერმა სხვა უწყებამ უკვე გააკეთა და აგრძელებს ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დახვეწას. რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება და მოვუწოდებ ყველას, დასრულდეს უმოკლეს ვადებში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, მან იმავე დღეს დაავალა საგამოძიებო ორგანოებს, უმოკლეს ვადებში მოხდეს ტრაგედიის გამოძიება, იმ პირთა წრის დადგენა, რომელსაც შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს მომხდართან.

„შესაბამისად მოგიწოდებთ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიიაფფასიანი და მდარე განცხადებები – ბესელია მეთოფიშვილის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაორშაბათს სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდება