მამუკა ბახტაძე : სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება, ყველა პირველკლასელი მას უფასოდ მიიღებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 15, 2019 11:37

მამუკა ბახტაძე : სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება, ყველა პირველკლასელი მას უფასოდ მიიღებს

სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში განაცხადა, სადაც ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ადაპტირებული ვერსიით დაბრუნებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

მისი თქმით, სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ უფასოდ მიიღებს.

„აქ დაიბადა დიდი ქართველი ადამიანი, რომელმაც შექმნა თითოეული ჩვენგანისთვის უსაყვარლესი წიგნი, ჩვენი „დედა ენა“, ადამიანი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ისტორიულ მისიაში, რასაც ერქვა ქართული ენის გავრცელება. ჩვენ დღეს ვიმყოფებით იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმთან და მინდა, აქედან მივესალმო სრულიად საქართველოს. ეს იყო ეპოქა, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნამდვილი პატრიოტი ადამიანების ერთად დგომა. ეს იყო უდიდესი გამოწვევა მაშინდელი საქართველოსთვის, როდესაც ქართული ენა იდგა გადაშენების პირას. ქართველმა პატრიოტებმა შეძლეს შეუძლებელი, შეძლეს და შექმნეს წიგნი, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას, რომელმაც შეგვინარჩუნა ყველაზე წმინდა, ქართული ენა და ქართული ანბანი. როდესაც იაკობ გოგებაშვილი თავის წიგნს წერდა, მას სწორედ ეს განზრახვა ჰქონდა, რომ გადაცემულიყო თაობიდან თაობას, რათა შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა, ჩვენი ენა და ანბანი“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, შემდეგ, მთელი ქართული განათლების სისტემა დაეფუძნა სწორედ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პრინციპებს და ეს წიგნი თითოეული ქართველისთვის არის სათაყვანებელი.

„შემდეგ, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან და ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების გულისწყრომა, სამართლიანი და ობიექტური. მაშინდელი ეპოქისთვის და მაშინდელი პატრიოტებისთვის წერა-კითხვის გავრცელება იყო ეროვნული იდეა, ისინი სწორედ წერა-კითხვის გავრცელებაში ხედავდნენ საქართველოსა და ქართული ენის გადარჩენას. დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერმა განმარტა, საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკვე კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებული იქნება ბიუჯეტის მეოთხედი, 25 პროცენტი მიმართოს განათლებაზე, ბავშვებსა და მომავალ თაობებზე.

„ეს არის იმის ერთადერთი გარანტი, რომ საქართველო შედგება როგორც წარმატებული და ერთიანი ქვეყანა 21-ე საუკუნეში. დღეს, ამ უმშვენიერესი ადგილიდან, ვარიანიდან მინდა, მივაწოდო ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო, ჩვენ დაგვებრუნებინა ქართულ სკოლაში „დედა ენა“. სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის “დედა ენას“ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები, ისევე, როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში ისევე შეიყვარებენ ქართულ „დედა ენას“, როგორც ეს უყვარდათ ჩვენს წინა თაობებს და ეს წიგნი გვიყვარს ჩვენ“, – განაცხადა პრემიერმა და ასევე საზოგადოებას ვარიანიდან ვლაქერნობა მოულოცა.

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლიდან ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება.

სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს.

ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 15, 2019 11:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,450
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics