მამუკა ბახტაძე : სასჯელაღსრულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა

სასჯელაღსრულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მან მსჯავრდებულთა დასაქმებასა და რესოციალიზაციაზე გაამახვილა ყურადღება.

„მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა სასჯელაღსრულების სისტემაში. კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, შესაძლებელი გახდება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან ვადამდე გათავისუფლება, პენიტენციურ დაწესებულებაში ნამუშევარი დღეების პროპორციულად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, იმისთვის, რომ მსჯავრდებულთა დასაქმებისა და რესოციალიზაციის მიზნით, კერძო ბიზნესმა შექმნას სამუშაო ადგილები პენიტენციურ დაწესებულებებში, დამატებითი საგადასახდო შეღავათები დაწესდება.

პრემიერობის კანდიდატმა ადამიანის უფლებათა დაცვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად შეიქმნა და დაიხვეწა ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუციონალური მექანიზმები.

„მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის ინტეგრირება სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და კანონშემოქმედებით პროცესში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც სამთავრობო პროგრამა წარადგინა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობა 2019-2020 წლებში პენსიის გაზრდას გეგმავს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაცია იქნება ჩვენი უპირობო პრიორიტეტი