მამუკა ბახტაძე : საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს

საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივ ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოსთვის დიდი პატივია, რომ ჩვენს ქვეყანაში ტარდება ნატო-საქართველოს სწავლება. მისი თქმით, ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსისა და ნატო-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურება. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სწორედ ასეთ დროს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სტუმრობა საქართველოში საქართველოსადმი ალიანსის ურყევი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მტკიცედ გვჯერა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. საქართველო სრულად აცნობიერებს თანამედროვე უსაფრთხოების გარემოს და, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, იზიარებს პასუხისმგებლობას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მოგეხსენებათ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) უნიკალური ინიციატივების ერთობლიობაა, რომლის წარმატებულად განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას და ალიანსის წევრობისთვის მომზადებას.

სწორედ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში წლევანდელი სწავლების ჩატარება ნიშნავს უფრო მეტ საქართველოს ნატოში და უფრო მეტ ნატოს საქართველოში.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს პარტნიორი არაწევრი ქვეყანა – საქართველო ატარებს ამ სწავლებას. საქართველოში მრავალეროვანი სწავლების ჩატარება, რომელშიც 24 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანაა ჩართული, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ალიანსი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების პროცესში. ეს არის ნატო-ს პირველი მრავალეროვანი სწავლება, რომელსაც თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობს საქართველო. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი ნდობისა და აღიარებისათვის.

ის, რომ მრავალეროვანი სწავლება ჩვენს ქვეყანაში ტარდება, საქართველოსთვის ნიშნავს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, შეკავების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერებას, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი განცხადებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებები ძალიან კარგი საშუალებაა როგორც საქართველოს, ისე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებისთვის სხვადასხვა სცენარის დროს ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედების დახვეწისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ ეფექტიანობას.

„ეს ფორმატი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენმა სამხედროებმა, მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად, ნატო-ს პროცედურების შესაბამისად, კიდევ უფრო აიმაღლონ თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევები.

საქართველო, როგორც ყოველთვის, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ მიისწრაფვის და წლების განმავლობაში მონაწილეობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატო-ს ძალისხმევაში, უსაფრთხოების მომხმარებლიდან დღეს უკვე უსაფრთხოების მიმწოდებელ სახელმწიფოდ გარდაიქმნა.

ჩვენი ქვეყანა ერთგულია თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების საერთო ღირებულებებისადმი, რომელთა საფუძველზეც ნატო შეიქმნა. საქართველომ ეს ყოველივე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებით და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით დაამტკიცა. ამიტომაც საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს.

გმადლობთ ყურადღებისთვის, და გამოვთქვამ რწმენას, რომ წლევანდელი სწავლებაც მაღალ დონეზე ჩატარდება და სარგებელს მოუტანს მის ყველა მონაწილეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში„ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არანაირი მუქარა ჩვენს მიმართ არ არის გამართლებული” – პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაშსს-მ ძარცვისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა