მამუკა ბახტაძე – საქართველო ევროკავშირის საიმედო მოკავშირედ რჩება

საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო მოკავშირედ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

მან საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის როლზე ისაუბრა.

„განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ევროკავშირის განსაკუთრებული როლი საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, მონიტორინგის მისიის მეშვეობით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შუამავლობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ასევე აქტიური არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებით. ნება მომეცით, გამოვხატო ჩვენი ღრმა მადლიერება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის გახანგრძლივების გამო. სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია კვლავ გრძელდება, რაც აუარესებს უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც გავლენა მოხდინა კონფლიქტმა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მოცემულ ვითარებაში, ევროკავშირის და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მყარი პოზიცია რუსეთის უკანონო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მათი ეფექტიანი ჩართულობა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

„მაშინ, როდესაც მყარად ერთგულნი ვართ სამშვიდობო პოლიტიკის, საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონკრეტულ მცდელობებს შერიგების და ნდობის აღდგენისთვის, რაც გაწერილია ჩვენს ახალ სამშვიდობო ინიციატივაში „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ამავე დროს, საქართველო ევროკავშირის საიმედო მოკავშირედ რჩება და ამაყობს, რომ საკუთარი წვლილი შეაქვს სამშვიდობო და სტაბილურობის მისიებში.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად საკუთარი წვლილი შეგვაქვს ევროკავშირის მიერ განხორციელებულ სამშვიდობო და სტაბილურობის მისიებში მსოფლიოს მასშტაბით. ევროკავშირთან სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო და ევროკავშირი იზიარებენ საერთო ინტერესებს საერთო გამოწვევებზე რეაგირებისას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია – საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა საგანგაშოა და 150 186-ს შეადგენს
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია – სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან საუბარი არ ისურვა