მამუკა ბახტაძე : საფინანსო ინსტიტუტების ვალებისგან გათავისუფლებულ მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, გაგრძელდება მუშაობა, რათა მოქალაქეებს შემოსავლების უდიდესი ნაწილი ვალების მომსახურებაში არ ​მისდიოდეთ.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 600 ათასზე მეტი მოქალაქე 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს.

„600 ათასი მოქალაქის ვალდებულების განულების შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა მუშაობა გრძელდება და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მიერ ჩვენს ინიციატივასთან შემოერთების პარალელურად ვალებისგან გათავისუფლებულ მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეობით უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა. მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვიმედოვნებ, რომ დადებით შედეგს ამ ნაწილშიც მივაღწევთ. ჩვენი მიდგომაა, ჭარბვალიანობა როგორც რისკი და ტვირთი ზოგადად იქნას დაძლეული. შესაბამისად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოქალაქეებს თავისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი არ მიდიოდეთ ვალების მომსახურებაში. და ზოგადად, ვალების მომსახურების კოეფიციენტი გავუტოლოთ ჯანსაღ საერთაშორისო პრაქტიკას. ჭარბვალიანობის აღმოფხვრა არის სიღარიბის დამარცხების წინაპირობა. დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ასეულობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს სრულფასოვნად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, რაც უფრო მდგრადს გახდის ჩვენს ეკონომიკას, ხოლო საბანკო-საფინანსო სექტორი უფრო ჯანსაღს. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ადამიანი იყო, არის და იქნება მთავარი ღირებულება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება
შემდეგი სტატიასაფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება