მამუკა ბახტაძე : სამწუხაროდ, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სასწავლო პროგრამიდან უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად ამოიღეს

სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან და ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების სამართლიანი და ობიექტური გულისწყრომა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში განაცხადა, სადაც ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ადაპტირებული ვერსიით დაბრუნებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

მისი თქმით, მთელი ქართული განათლების სისტემა დაეფუძნა სწორედ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პრინციპებს და ეს წიგნი თითოეული ქართველისთვის არის სათაყვანებელი.

„მაშინდელი ეპოქისთვის და მაშინდელი პატრიოტებისთვის წერა-კითხვის გავრცელება იყო ეროვნული იდეა, ისინი სწორედ წერა-კითხვის გავრცელებაში ხედავდნენ საქართველოსა და ქართველი ენის გადარჩენას. დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლიდან ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება. სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს.

ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება, ყველა პირველკლასელი მას უფასოდ მიიღებს
შემდეგი სტატიადავით გარეჯის სამარცხვინო დათმობის პროცესი გრძელდება