მამუკა ბახტაძე : სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ხშირად გვესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან კონკრეტული და ამავე დროს პასუხობდა იმ კონკრეტულ კითხვებს, რომელიც შეიძლება, საზოგადოებაში არსებობდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა ის უმთავრესი პრიორიტეტები, რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს აქვს.

„ჩვენ არაერთხელ განაცხადეთ, რომ სამოქალაქო სექტორი არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნისა და ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუტების კიდევ უფრო გაძლიერება. ამავე დროს, რას ვხედავთ, როდესაც „ქართული ოცნების“ მიდგომა არის, რომ მოხდეს ქართული პოლიტიკის მაქსიმალურად ​დეპერსონიფიცრება და გადართვა იმ რეჟიმზე, როგორ გავაძლიეროთ ინსტიტუტები, როგორ მოხდეს ჩვენი ინსტიტუტების მუშაობის ხარისხის დაახლოება სტანდარტთან, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სურს. ამ შემთხვევაში ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ექაჩებიან უკან, სადაც ადგილი ჰქონდა მხოლოდ პერსონიფიცირებულ პოლიტიკას და იქ დემოკრატიული ინსტიტუტების როლი იყო ძალიან შეზღუდული. სწორედ ეს გახლდათ მთავარი მესიჯი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის უმნიშვნელოვანესი ამოცანა გახლავთ საქართველოში ინსტიტუტების გაძლიერება და ის, რომ ქართული პოლიტიკა არ იყოს პერსონიფიცირებული. ეს არ არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის. ვფიქრობ, პარტიის თავმჯდომარის განცხადებები და მესიჯები იყო ძალიან კონკრეტული ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში ძალიან მნიშვნელოვანია.

„რაც შეეხება სამოქალქო საზოგადოებას, ამაზეც ჩვენი პოზიცია ყველასთვის ცნობილია. თქვენ იცით, როგორ აქტიურად თანამშრომლობს ჩვენი გუნდი სამოქალაქო საზოგადოებასთან. აქაც მინდა, ძალიან კონკრეტული არგუმენტი მოგიყვანოთ. ჩვენ გადავედით იმ ეტაპზე, როდესაც გვაქვს რეფორმების ახალი ტალღა და როგორ ფიქრობთ, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, რომ მივიღოთ რეკომენდაციები კონკრეტულ რეფორმაზე? როგორ უნდა დავნერგოთ ის იმდაგვარად, როგორც საუკეთესოდ პასუხობს საზოგადოების ინტერესებს. ის, რაც შეიძლება ჩვენ ვერ დავინახოთ, რომ მოგვცენ ამაზე რეკომენდაცია, მაგრამ ამის საპასუხოდ, ხშირ შემთხვევაში, გვესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები. მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პროცესი ამავე დროს არის გარკვეული წინაპირობა, რათა ჩვენ ინსტიტუტების მშენებლობაში ვიყოთ წარმატებული, მაგრამ როდესაც ასეთი სიტუაცია ხშირ შემთხვევაში გადადის პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებში, ამის მოსმენა ნამდვილად არ არის კარგი. ეს არ არის კარგი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო განმტკიცების საქმეში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : პოლონეთის სეიმის რეზოლუცია არის მორიგი დემონსტრირება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიას
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანმა პოლონეთის სეიმს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა