მამუკა ბახტაძე – რუსეთთან დიალოგის წარმართვაზე პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება იმედის მომცემი იყო, რადგან დიალოგი უალტერნატივოა

რუსეთთან დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება ძალიან იმედის მომცემი იყო, რადგან დიალოგი უალტერნატივოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ტელეკომპანია Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„თუმცა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ რეგიონის კონტექსტიც, რადგანაც არასტაბილურობა და, შესაბამისად, გამოწვევებიც იზრდება, მაგრამ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან უმაღლეს დონეზე არის ძალიან ნაყოფიერი და პოზიტიური ნაბიჯი“, – განაცხადა ბახტაძემ

ამასთან, როგორც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რუსეთს ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20% და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს.

„ბევრი ქართველი იძულებული იყო, დაეტოვებინა საკუთარი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მტკიცედ დგას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების გზაზე. სამწუხაროდ, რუსეთი კვლავ ცდილობს, დაბრკოლებები შეუქმნას ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილება თუ არა საქართველოს მხოლოდ 80%-ის ნატო-ში ინტეგრაცია, პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საქართველოსთვის წითელ ხაზს წარმოადგენს.

„ისტორიულად, ორივე რეგიონი ჩვენი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია. დიახ, ნატო-ს წევრობა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ყოველთვის იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე მოგვეთხოვება. მართალია, ჩვენი ეკონომიკა არც თუ ისე მსხვილია, მაგრამ ვხარჯავთ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს თავდაცვის სფეროში.

ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა აშშ-სთან ბრძოლაშია გამოცდილი. ჩვენი მებრძოლები მხარდამხარ ებრძვიან საერთაშორისო ტერორიზმს ავღანეთსა და ერაყში. ერთ სულ მოსახლეზე შეტანილი წვლილის სტატისტიკით, ვართ ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ამ საერთაშორისო მისიებში. ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს იწყება
შემდეგი სტატიამამუა ბახტაძე : დიახ, ნატო-ს წევრობა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი