მამუკა ბახტაძე – პანკისის ხეობაში ისტორიულად დაგროვილი პრობლემების დიდი რაოდენობა გვაქვს

როდესაც პანკისზე ვსაუბრობთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ჩვენს ამ ულამაზეს კუთხეში გვაქვს ისტორიულად დაგროვილი პრობლემების საკმაოდ დიდი რაოდენობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებული მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ენერგეტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ საკითხთან დაკავშირებით პანკისის ხეობის მოსახლეობასთან დიალოგის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

,,ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ენერგეტიკის განვითარების გარეშე ეკონომიკის სწრაფ განვითარებას ვერ შევძლებთ, ვერ შევძლებთ სიღარიბის დაძლევას და იმ რაოდენობის სამუშაო ადგილის შექმნას, რაც გვჭირდება. არსებობს ორი დარგი ეკონომიკაში, რომლის განვითარება ეროვნული ეკონომიკის განვითარებას ნიშნავს – ეს არის ტრანსპორტი და ენერგეტიკა.

რაც შეეხება პანკისს, შესაბამისი უწყებები აკეთებენ ამის ანალიზს და მე საზოგადოებას შევპირდი, როდესაც იქნება ამის ანალიზი, ბუნებრივია ჩვენ გვექნება კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

დღეს ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს მოქალაქეებთან პანკისის ხეობაში. არსებობს რეგიონის განვითარების გეგმა, რომელშიც მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ მოსახლეობას. ზოგადად, როდესაც პანკისზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ჩვენს ამ ულამაზეს კუთხეში გვაქვს ისტორიულად დაგროვილი პრობლემების საკმაოდ დიდი რაოდენობა. ამას ობიექტურად უნდა შევხედოთ. ეს არის დღევანდელი რეალობა და ამ პრობლემებს სჭირდება გადაჭრა. რა თქმა უნდა, ამ პრობლემების გადაჭრა ერთ და ორ დღეში არის წარმოუდგენელი, ეს უნდა მოხდეს გეგმაზომიერად და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად. მაქვს რწმენა, რომ ის განვითარების გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ძალიან კარგად პასუხობს მოსახლეობის გამოწვევებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიარ მაქვს დაკავების მოლოდინი იმიტომ, რომ არ არის არანაირი დანაშაული ჩადენილი-მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე შევიდა
შემდეგი სტატიაღვთისმშობლის წილხვდომილობის სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის მთავრობამ 694 ათასი ლარი გამოყო