მამუკა ბახტაძე : ოკუპაციისა და სიღარიბის დაძლევა არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, ორივე გამოწვევის გარშემო უნდა გაერთიანდეს საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალისხმევა

საქართველოს წინაშე დგას ორი მტკივნეული გამოწვევა, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე, ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძე 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ყველას სურს, რომ ქვეყანა იყოს სიღარიბის გარეშე, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება ღირსეული ცხოვრების უფლება.

„საქართველოს წინაშე გვაქვს ორი მტკივნეული გამოწვევა, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე, ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, ორივე გამოწვევა დავძლიოთ ერთობლივი ძალისხმევით და ამის გარშემო უნდა იყოს გაერთიანებული საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალისხმევა. ჩვენი მიზანია, საქართველო დაუბრუნდეს თავის დიდ ევროპულ ოჯახს, სადაც ადამიანის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, სასამართლოს და მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას. ამ ყველაფრის მიღწევა არის რთული ამოცანა იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს საქართველოს წინაშე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში რეალური ცვლილებების განხორციელება დაიწყო 2012 წლიდან და მაქსიმუმი კეთდება სიღარიბის დასაძლევად.

„ყველა ჩემი წინამორბედი აკეთებდა მაქსიმუმს, რომ სიღარიბე სწრაფი ტემპებით შეემცირებინა და ამ თვალსაზრისით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. დაახლოებით 10 % -ით შევამცირეთ სიღარიბე, თუმცა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სამწუხაროდ, რჩება სიღარიბეში. მთავარ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და ეს ძალიან რთული ბარიერია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდეს. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება სიღარიბის დაძლევა. როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ ეკონომიკურ ინიციატივაზე, მთავარი შეფასების კრიტერიუმი არის ეს, რამდენად დაგვეხმარება ესა თუ ის ინიციატივა, რომ საქართველოში ერთხელ და საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე. ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს და დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმები დაგვეხმარება. სიღარიბე იქნება დაძლეული. ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი. მთავარია, თითოეული ჩვენგანი იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ადგას სწორ გზად და ეს გზა მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე”, – განაცხადა ბახტაძემ.

ანგარიშის წარდგენას ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მოაწერა ხელი