მამუკა ბახტაძე : ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ერთ-ერთი მთავარი და სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ახალი სამართლებრივი რეალობა შეიქმნა, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლიანი რეაგირება სჭირდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, როგორც მთავრობის მეთაურს მიაჩნია, რომ ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალება, კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ქმედით ნაბიჯებს, რათა დაცული იქნეს უკლებლივ ყველა საზოგადოებრივი სიკეთე – მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, მოზარდების ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი.

„ამასთანავე, იუსტიცის სამინისტროსთან არსებულ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში წარმოდგენილმა პროფილურმა სამინისტროებმა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის აქტიური ჩართულობით, შეიმუშაონ და დასამტკიცებლად წარმოადგინონ ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ნარკომანიის მძიმე სენით დაავადებულ პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის უზრუნველმყოფი ქმედითი პროგრამები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართა.

banner
წინა სტატიაშიმშვიდობა მოგვიტანს ისეთ საქართველოს, რომელიც არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : რუსეთთან მიმართებაში ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დეესკალაციის პოლიტიკაზე