მამუკა ბახტაძე ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს საულიუს სკვერნელისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს საულიუს სკვერნელისს შეხვდა.

საქართველოსა და ლიეტუვას პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ კი დაგეგმილია საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკის დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა. რის შემდეგაც მამუკა ბახტაძე და საულიუს სკვერნელისი მედიისთვის გააკეთებენ ერთობლივ განცხადებებს. ამის შემდეგ კი დაგეგმილია მამუკა ბახტაძის ოფიციალური შეხვედრა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, შეხვედრებზე საუბარი იქნება როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე საქართველოსა და ლიეტუვას შორის თანამშრომლობის საკითხებზე ევროკავშირის და ნატო-ს ფორმატებში.

„ლიეტუვა არის საქართველოს ძალიან მკაფიო მხარდამჭერი ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციულ პროცესებთან მიმართებაში, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით, ყველა ამ საკითხზე გვექნება დისკუსია. მიმდინარე წელი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, დაგეგმილია ევროპარლამენტში არჩევნები და ბუნებრივია, ევროკავშირი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ წლის დასაწყისში უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გვქონდეს შეთანხმებული პოლიტიკა ყველა ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით. ამ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გვექნება ასევე საუბარი ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ლიეტუვასთან ერთად საქართველო ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით და ბუნებრივია, 2019 წელიც ამ მიმართულებით იქნება პრიორიტეტული”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც საკმაოდ მრავლად არიან წარმოდგენილი ლიეტუვაში.

„200-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს აქ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამემამულეებთან გვქონდეს მუდმივი კავშირი, კომუნიკაცია, ისინი იყვნენ ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე ყველა შეხვედრა, რომელიც დაგეგმილია გამოყენებული იქნება, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მკაფიო გახდეს 2019 წელსაც”, – განაცხადა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშისაყოველთაო ნათლობა – პატრიარქის ნათლული კიდევ 630-მდე ჩვილი გახდა
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას მართავს