მამუკა ბახტაძე – გამოვიყენებთ ყველა წყაროს, საიდანაც ტყიბულის შახტში დასაქმებული ადამიანები ანაზღაურებას მიიღებენ

ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს კომპანიასთან და ის ადამიანები, ვინც ტყიბულის შახტში იყვნენ დასაქმებული, ჩვეულებრივ მიიღებენ სახელფასო ანაზღაურებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

კითხვაზე, თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნება თუ არა გამოყოფილი, ბახტაძემ უპასუხა, რომ თანხა ყველანაირი წყაროდან გამოიყოფა.

„რაც მთავარია, ისინი აუცილებლად მიიღებენ სახელფასო შემოსავალს, რაც უნდა მიეღოთ. ყველანაირი წყარო არის ნებისმიერი წყარო, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მინდელის შახტში დღეს დილით ტრაგედია მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიიტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა უკვე საქართველოშია
შემდეგი სტატიადააზღვიე და დასაჩუქრდი – თიბისი დაზღვევა ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს