მამუკა ბახტაძე – დარწმუნებული ვარ, ტურიზმის სექტორს განვითარების იმ ტრაექტორიაზე დავაბრუნებთ, რომელიც ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად ჰქონდა

დარწმუნებული ვარ, დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორს განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც მას ჰქონდა ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ლარის კურსზე ტურისტების რაოდენობის გავლენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეროვნული ვალუტის კურსზე ძირითადად გავლენას ახდენს ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური მოვლენები და მოლოდინები. მისი თქმით, ტურიზმის გამოქვეყნებული სტატისტიკა კი, მეტყველებს იმაზე, მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა იყო სწორი, მიზანმიმართული და მოქალაქეებისთვის კონკრეტული დადებითი ეკონომიკური შედეგი მოჰქონდა.

„ივნისამდე პერიოდში ჩვენ გვქონდა ტურისტების რაოდენობის 20 პროცენტიანი ზრდა. აჭარაში ივნისში დაფიქსირდა 40 პროცენტიანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კურსის განსაზღვრაზე მოქმედებს ორი ფაქტორი – ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური მოვლენები და მოლოდინები. მოლოდინები შეიქმნა ძალიან ნეგატიური იმის ფონზე, რაც მოხდა, მათ შორის უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ, რომლებიც მსგავს ტყუილებს ამბობენ.

ამ ადამიანებში ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებსა და მათ მიერ კონტროლირებად მედიას. ნეგატიური მოლოდინი იყო მათ შორის ის, რომ შეიძლება, ვაჭრობა შეზღუდულიყო და გამოეწვია მეტი პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ტურიზმის მაჩვენებლებმა გვაჩვენა, რომ ტურისტების რაოდენობა წელს ფაქტობრივად იგივეა, რაც იყო შარშან, მაშინ, როდესაც არსებობდა მოლოდინი ეკონომიკაში, ბიზნესში, რომ ისეთი სწრაფი ტემპებით გავზრდიდით ტურისტების რაოდენობას, როგორც დაგეგმილი იყო. ამის ფონზე ჩვენ მივიღეთ ის, რომ არათუ 40 პროცენტიანი ზრდა არ გვაქვს, არამედ სამწუხაროდ გავედით თითქმის იმავე შედეგზე, რომელიც გვქონდა შარშან. დარწმუნებული ვარ, დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორს განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც მას ჰქონდა ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად. ეს ციფრები ადასტურებს, რომ ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკა იყო სწორი, მიზანმიმართული და მას მოჰქონდა კონკრეტული დადებითი ეკონომიკური შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მსგავსი პრობლემები მოაგვაროს დროულად, ასევე მოახდინოს მათი პრევენცია.

„მიეჩვიეთ სიმართლის მოსმენას. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, რომ მსგავსი პრობლემები მოაგვაროს დროულად, მოახდინოს მათი პროგნოზირება და პრევენცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიროცა ენმ-ის მომხრეები პოსტებს მიწუნებენ, ფიქრობენ “ქოციაო”, ხოლო “ოცნების”-“განაცებულაო” – კაჭკაჭიშვილი
შემდეგი სტატიაკარგი იქნებოდა, დეტალურად დაინტერესდნენ და მერე აკეთონ განცხადებები – პაატა სალია არასამთავრობოების კრიტიკას პასუხობს