მამუკა ბახტაძე – აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია კვლავ გრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია კვლავ გრძელდება, რაც აუარესებს უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას. ამის შესახებ ბახტაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის როლი საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, მონიტორინგის მისიის მეშვეობით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შუამავლობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ასევე აქტიური არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებით.

„ნება მომეცით, გამოვხატო ჩვენი ღრმა მადლიერება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის გახანგრძლივების გამო. სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია კვლავ გრძელდება, რაც აუარესებს უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც გავლენა მოხდინა კონფლიქტმა. ამ ვითარებაში, ევროკავშირის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მყარი პოზიცია რუსეთის უკანონო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მათი ეფექტიანი ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა მთავრობის ახალ ინიციატივას, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გაუსვა ხაზი.

“მაშინ, როდესაც მყარად ერთგულნი ვართ სამშვიდობო პოლიტიკის, საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონკრეტულ მცდელობებს შერიგების და ნდობის აღდგენისთვის, რაც გაწერილია ჩვენს ახალ სამშვიდობო ინიციატივაში „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ამავე დროს, საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო მოკავშირედ – ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად საკუთარი წვლილი შეგვაქვს ევროკავშირის მიერ განხორციელებულ სამშვიდობო და სტაბილურობის მისიებში მსოფლიოს მასტაბით. ევროკავშირთან სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო და ევროკავშირი იზიარებენ საერთო ინტერესებს საერთო გამოწვევებზე რეაგირებისას“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – როცა შენი გუნდის წინააღმდეგ აღმოჩნდები შეტევაში, არ უნდა გაგიკვირდეს თუ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია – საბავშვო ბაღებში მდგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა