მამუკა ბახტაძე – 2020 წლისთვის ყველა მაღალმთიანი დასახლება მობილური კავშირგაბმულობითა და ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge დეკემბერი 11, 2018 16:12

მამუკა ბახტაძე – 2020 წლისთვის ყველა მაღალმთიანი დასახლება მობილური კავშირგაბმულობითა და ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი

მნიშვნელოვანი

  • მისი თქმით, ადგილები, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება სადენებით ვერ მოხერხდება, ალტერნატიული წყაროებით მომარაგდება.

სხვა სტატიები

2019 წელს ყველა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე უშუქო სოფელში 400-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული ენერგიის წყაროებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელმაც მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის მთავარი მიმართულებები წარადგინა.

მისი თქმით, ადგილები, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება სადენებით ვერ მოხერხდება, ალტერნატიული წყაროებით მომარაგდება.

პრემიერის განცხადებით, 2020 წლისთვის ყველა მაღალმთიანი დასახლება უზრუნველყოფილი იქნება მობილური კავშირგაბმულობითა და ინტერნეტით.

„უკვე იწყება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ინტერნეტიზაცია. 2019 წელსვე დაიწყება წყალმომარაგების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის სტეფანწმინდასა და მიმდებარე სოფლებში. ასევე დაბა წაღვერში, ვალეში, მესტიაში, აბასთუმანში, ბაკურიანსა და გუდაურში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი განმარტებით, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, მთაში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

„2019 წელს დაიწყება 6 ახალი სკოლის მშენებლობა და დაახლოებით 15 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება არსებული სკოლების რეაბილიტაციისთვის. ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება ხარისხიანი, ზოგადი და პროფესიული განათლება, აშენდება 12 ახალი საბავშვო ბაღი და მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა. მთაში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდასაჭერად გაგრძელდება სტუდენტების დაფინანსება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დაინერგება შობადობის წახალისების კიდევ უფრო მასშტაბური მექანიზმები. მთაში ახალგაზრდების ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, უკვე 2019 წელს შემუშავდება და დაინერგება სპეციალური პროგრამები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მთაში საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

„გაიზრდება საზოგადოებრივი ცენტრების რაოდენობა. ასევე, კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება მთაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დავაზღვიოთ კატასტროფები, რომელიც უკავშირდება კლიმატის ცვლილებას. ამ ნაწილში მნიშვნელოვანი თანხები გამოვყავით და უკვე დავიწყეთ საპილოტე პროექტები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა განახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, რაც გულისხმობს სხვადასხვა ხევისა და მდინარის გასუფთავებას, ოთხი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონტაჟს, ტყის გაშენებას, ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მთაში ნახანძრალი ტერიტორიების აღდგენას.

„უმნიშვნელოვანესი კომპონენტია აგრეთვე სადაზღვევო პროგრამების დანერგვა, რომ სტიქიური კატასტროფებით გამოწვეული ზარალი მინიმუმამდე შევამციროთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ ღონისძიებაზე.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge დეკემბერი 11, 2018 16:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,163
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics