მამუკა ახვლედიანი პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას და დიპლომატიურ კორპუსს ღია წერილით მიმართავს, სადაც სასამართლოს სისტემაში არსებულ კლანურ დაჯგუფებებზე საუბრობს.

“სასამართლოებში მოსამართლეთა თითქმის 90%-ს 2015-2017 წლებში ეწურება უფლებამოსილების ვადა. პირები, რომლებიც 28-30 წლის ასაკიდან ახორციელებდნენ მოსამართლის უფლებამოსილებას, 40-50 წლის ასაკში რჩებიან სამსახურის გარეშე და სახელმწიფოს არ გააჩნია მოსამართლეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესაბამისი კანონმდებლობა. ბუნებრივია, მას უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ კვლავ უჩნდება სურვილი, რომ ხელახლა დაინიშნოს მოსამართლედ, ვინაიდან თანამდებობრივი და სახელმწიფოებრივი რეალობიდან გამომდინარე ის ისედაც შეზღუდულია არჩევანის გაკეთებისას. სწორედ აქ ისმის ჩემი მთავარი კითხვა – როცა მოსამართლე ხედავს, თუ როგორ ექცევა საბჭო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მის კოლეგას, რომელიც აკრიტიკებს სისტემურ პრობლემებს, როგორი დევნის ობიექტი ხდება განსხვავებული აზრი, როგორ ფიქრობთ, რომელიმე მათგანი განსაკუთრებით ის პირები, რომლებიც აპირებენ მოსამართლეთა შესარჩევ, გაუმჭვირვალე, ფასადურ, პირად სიმპათიებზე დამოკიდებულ კონკურსზე ამ საბჭოს საქმიანობის პირობებში გასვლას, ამოიღებს ხმას და განაცხადებს უკმაყოფილებას? მას რჩება მხოლოდ ორი არჩევანი – გაჩუმდეს ან შეუერთდეს სასამართლოში არსებულ კლანურ დაჯგუფებას, რათა გარანტირებული ჰქონდეს მომავალი საქმიანობა. ამასთანავე, კლანური დაჯგუფების წევრობა მათი მხრიდან ავტომატურად მოითხოვს მწვავე კრიტიკას. ქალბატონებო და ბატონებო, სწორედ ეს არის სიჩუმის მიზეზი საერთო სასამართლოების სისტემაში, რაც არის დამღუპველი.

სასამართლო ეკუთვნის ხალხს, მოსამართლეც ამ საზოგადოების ნაწილია და მისი არჩევა, დანიშვნა და დაწინაურება, ასევე თანამდებობიდან გადაყენების პროცესი, თვალნათელი უნდა იყოს და არა მხოლოდ მოსამართლეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, რის გარეშეც შეუძლებელია საზოგადოების მაღალი ნდობის მოპოვება. სასამართლო ხელისუფლების მაღალ სტანდარტებს ძირითადად უზრუნველყოფს სამართლებრივი გარემო. მხარდაჭერა სჭირდება არა ერთ-ერთ რიგით მოქალაქე მამუკა ახვლედიანს, არამედ საქართველოში დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, რაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მარლმსაჯულების და შესაბამისად, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველს წარმოადგენს”, – აღნიშნულია ღია წერილში.

banner
წინა სტატიაშისარკინიგზო ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიამამუკა ახვლედიანი: მოსამართლეობის ტესტებზე წვდომა ჰქონდათ ნინო გვენეტაძეს და ლევან მურუსიძეს