მამა პეტრეს აღსარება

mama-petre

 

“თაიმერის” შაბათის სტუმარი-მამა პეტრე!

„ჭეშმარიტი მოძღვრის იდეისგან ძალიან შორს ვარ… ყველა ცოდვა ქარიშხალივით მძვინვარებს ჩემში…“

ამ ადამიანს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება – ისინიც იცნობენ, ვინც ეკლესიურად არ ცხოვრობენ… ისე, ზოგი ამბობს, ანარიქსტიაო, ზოგიც  – პოპულისტიო.  სხვა, უფრო მძიმე ბრალდებებსაც უყენებენ ხოლმე, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? – მთავარია, განათლებული, ნიჭიერი და პროგრესულია (კარგი პოეტიცაა). ქრისტიანობა კი, როგორც კაცობრიობის ისტორია მოწმობს, ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული რელიგიაა… მაინც, ვინ არის სინამდვილეში, რა სტკივა და უხარია, რა აძლიერებს და რისი ცოდნა არ უნდა? – მაშ, ასე: ეს მამა პეტრეს (კვარაცხელია) ინტერვიუ კი არა, ერთგვარი აღსარებაა, აღსარება, რომლის წაკითხვაც, ჩემი არ იყოს, ალბათ, ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ… 

– მამაო, კარგა ხანია, არ შეგხმიანებივარ, როგორ ხარ?

– კითხვა – ,,როგორ ხარ?!“ იმედის მომცემია. პასუხი შეუძლებელია, პირდაპირი და სწორხაზოვანი იყოს. ვნახოთ, ვისაუბროთ და ერთად გავიგებთ, როგორ ვარ..

– ისე, მას მერე, რაც ბოლოს ვლაპარაკეთ, ამ ქვეყანაში უკეთესობისკენ, მგონი, არაფერი შეცვლილა, არა?

– თავისთავად არაფერი შეიცვლება. ჯერ შინაგანი ცვლილებები უნდა მოხდეს, გარედან რამე რომ შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ვიცვლებით, მაგრამ სამწუხაროდ, უარესისკენ. რაც უნდა დავაშავოთ, ყოველთვის გვინდა, რომ სხვისი ბრალი იყოს. ყოველთვის სხვაში ვეძებთ მოღალატეს, გამყიდველს, ორპირს. ჩავიხედოთ გულში და ძალიან თუ მოვინდომებთ, დავინახავთ, რომ ჩვენც ბევრი რამ გვეშლება, თან არანაკლებად. სხვაზე გადაბრალებით ვერასდროს ვიპოვით გამოსავალს. არადა, ეს გამოსავალი შეიძლება, ძალიან მარტივად აღმოვაჩინოთ.

წმინდა ილია მართლის ,,ბედნიერი ერი“ დღეს ყველაზე აქტუალურია. კიდევ კარგი, ჩვენს ეპოქაში არ ცხოვრობს, თორემ წიწამურსაც მოვაწყობდით. მართალი სიტყვა ხომ ყველა დროში იდევნება…

– რომ გითხარი, ინტერვიუ მინდა-მეთქი, გამაფრთილესავით, პოლიტიკური შეკითხვები არ იყოსო, მაგრამ განა, რელიგია პოლიტიკა არაა?

– რელიგია ყველაფერზე მაღლა დგას. ის ადამიანის სულიერი სიმშვიდის გარანტია, ღმერთთან შემრიგებელი და განივთებული გზაა სინათლისაკენ. ჩვენი ერისთვის კი – იდეოლოგიაც. სწორედ ქრისტეს სარწმუნოების დამსახურებაა ამ პატარა ერის გადარჩენა და უამრავი ქარტეხილის მიუხედავად, თვითმყოფადობა. არავის აქვს უფლება, საეკლესიო კანონები თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. საუკუნეების განმავლობაში დაგროვილ წმინდა მამათა სწავლებას ყველა თანაბრად უნდა ემორჩილებოდეს, რადგან მის წინაშე ყველა ვალდებული და პასუხისმგებელია. როგორც წმინდა ილია მართალი იტყოდა, ,,ჩვენთვის ქრისტიანობა არ იყო მხოლოდ რჯული, მხოლოდ რელიგია. ის იყო ქართველობა, საქართველო…“

– ყველა გამოკითხვით, ეკლესია საქართველოში ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც ხალხის აბსოლუტური ნდობით სარგებლობს, ანუ უტრირებულად რომ ვთქვათ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკლესიური და რელიგიური უნდა იყოს, თუმცა როცა საქმე საქმეზე მიდგება, ჩვენი საზოგადოება დიდ ღვარძლს ამჟღავნებს ხოლმე, რაც საკუთარ თავზეც არაერთხელ გამოგიცდია. ამ ორსახოვნების საბაბი რა არის?

–  არსებობს ორგვარი ეკლესიურობა – შინაგანი და გარეგნული. შეიძლება, უამრავი ტაძარი ავაშენოთ, გუმბათები ოქროში ჩავსვათ, ან ყოველ კვირას სანთლები ავაბრიალოთ, მაგრამ უმთავრესი ქველი საქმეების კეთება, უნუგეშოსთვის ნუგეშის მოფენა, მშიერის დაპურება, მტირალის ცრემლების მოწმენდა, მიცვალებულებზე ზრუნვა და მიუსაფართა მოვლა-პატრონობაა. მართლმადიდებლობა, უპირველესად, ცხოვრების წესია. სულიერი ცხოვრება ქმედითი, მორწმუნე ადამიანი კი, გადაშლილი სახარება უნდა იყოს და მისი ყოველდღიურობით უსიტყვოდ ქადაგებდეს.  ყველაფერ ამისგან ძალიან შორს ვდგავართ და ფარისევლებს ვემსგავსებით. მხოლოდ სიტყვას შერჩა რწმენის ნათითურები, საქმით კი, მამონას მსახურები გავხდით… ვწუხვარ!..

– მამაო, მოდი, საუბრის თემას შევცვლი და, შენს ბავშვობაზე მომიყევი… პირველად როდის ან როგორ მიხვდი, რომ სასულიერო პირი უნდა გამხდარიყავი? სხვათა შორს, ერთხელ, თუ არ ვცდები, მითხარი, რომ მაინცდამაინც ეკლესიურ ოჯახში არ იზრდებოდი…

– ღმერთს ყოველთვის ვგრძნობდი. სოფლის ეკლესიაში ყოველკვირეულ მსახურებებს ვესწრებოდი და მცირე ასაკიდან საკმევლის სურნელს რაღაც იდუმალი და ამოუცნობი მოჰქონდა. მოსვენებას მიკარგავდი შორეულზე ფიქრი. მაინტერესებდა მეუდაბნოე მამების დაფარული ღვაწლი. სტიმულს მძენდა ჩემი პირველი მოძღვრის, მამა რომანოზ ჩიქობავას უბრალო და ღმერთით გაჯერებული ცხოვრება.

ტერენტი გრანელსაც ძალიან უყვარდა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის მოლოცვა – დედინაცვალ დარია მებონიას ხშირად დაჰყავდა კვირის წირვებზე და ჩემზე ამანაც გარკვეული გავლენა იქონია. მკაფიოდ მახსოვს უწმინდესის ჩამობრძანება ჩემს კუთხეში: ეს იყო შეხვედრა ცოცხალ ღმერთთან. მერგო უდიდესი ბედნიერება, მისი ხელიდან საჩუქრად მიმეღო იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი. ყველაფერი ეს კი ერთგვარი ბილიკი იყო სასულიერო ცხოვრებამდე…

–  ისე, რომ არა საეკლესიო პირი, რომელ პროფესიას აირჩევდი?

– ადამიანობას!.. ყველაზე საჭირო და აუცილებელი პროფესიაა, დღეს ნაკლებად დაფასებული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ვინც კაცია, განა, ყველაშია ადამიანი?! ხშირად უნდა ვიკითხოთ ,,კაცია-ადამიანი?!“ და გავაანალიზოთ, სინამდვილეში რა არის ჩვენი დანიშნულება.

დღეს უამრავ პროფესიას ეუფლებიან, მაგრამ ადამიანის სახეს თანდათან კარგავენ, ალბათ, იმიტომ, რომ არ არის მოთხოვნადი. მე კი მსურს, ღირსეულად დავეუფლო ამ ,,პროფესიას“…

– სხვათა შორის, ხშირად ბრალს გდებენ, რომ ქრისტიანულ დოგმებს არღვევ და როგორც მოძღვარი, ცოტა უფრო თავშეკავებული უნდა იყო. ამ ბრალდებას იზიარებ?

– ჭეშმარიტი მოძღვრის იდეისგან ძალიან შორს ვარ. საკუთარ თავზე სამუშაო ბევრი მაქვს და სასურველი შედეგიც უფლის კეთილი ნებით მიიღწევა. მთავარი სურვილია, დანარჩენი ადვილად დაიძლევა. ბევრს ვმოგზაურობ საკუთარ თავში და მომწონს, რომ ყოველდღიურად განსხვავებულ „მე“-ს ვეცნობი. როცა ღვთის გზაზე საკუთარი ნებით მიდიხარ, ბევრ რამეზე უარის თქმაც გიწევს. უფლისთვის კი, ნამდვილად ღირს, ყველაფერი დათმო. ,,უღელი ჩემი ტკბილ არს, ტვირთი ჩემი სუბუქ არს!“ -ბრძანებს უფალი…

petre

– არ გაბრაზდე და, ზოგი იმასაც ამბობს, პოპულისტიაო… 

– არ ვბრაზდები… საზოგადოებრივი აზრი ყოველთვის მართალი არაა, თუმცა ანგარიშგასაწევია. ყველა კრიტიკა და განსჯა, თუ სწორად გამოიყენებ, აუცილებლად პიროვნების უკეთესად ფორმირებისთვის ხელსაყრელია. ყველა, ვინც შინაგან ზრდაში პირდაპირ თუ თავისგან დამოუკიდებლად მეხმარება, მიყვარს!

– საერთოდ, ჭეშმარიტი ქრისტიანობის არსი რა არის – ადამიანების შეჩვენება თუ „უძღები შვილის“, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტ გზაზე დაყენება?

– ქრისტიანობის არსი ჯერ საკუთარი თავის გამოსწორება და მერე სხვათა დახმარებაა. ნებისმიერი ადამიანი, უპირველესად, საკუთარ მანკიერ მხარეებზე უნდა მუშაობდეს. მერე მოდის გამოცდილება, დაბრკოლებების ადვილად დაძლევაც და შენთან მოსულისთვის სწორი დარიგების მიცემაც. თეორიულად, ცურვის პედაგოგი, რაც უნდა იდეალური იყოს, შტორმს ვერ მოერევა, თუ ცურვა არ იცის. ამისთვის სპეციგიკური ცოდნაა საჭირო, რაც ინდივიდუალურია.

– მამაო, როგორ ფიქრობ, ცალკეული სუბიქეტების მიერ რელიგიის დემონიზაცია ხომ არ ხდება?

– კრიტიკული აზრი კარგია, მაგრამ ზედმეტობა ზიანის მომტანია. დღეს ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ცოცხალი მაგალითები. მესმის, ძალიან მცირე დოზით მოგვეპოვება, მაგრამ მაინც არსებობს. გააჩნია, ჩვენ რას ვეძებთ. რწმენა პიროვნულია. სხვისმა ცუდმა ქცევამ შენ არ უნდა შეგარყიოს. თუ შეგარყია, რწმენა არ გქონია და ეს სხვისი კი არა, შენი ბრალი იქნება. ლოტი სოდომში გადარჩა. სხვას საკუთარი მოეკითხები. ჩვენ ჩვენს ქცევებზე ვაგებთ პასუხს…

– ადამიანებმა რელიგია ცხოვრების წყაროდ ხომ არ გაიხადეს?

– უფალი თავადაა სიცოცხლის წყარო. ის, ვისაც ჯვარცმული მაცხოვრის გულწრფელად სწამს, მშვიდად და უშფოთველად ცხოვრობს. მას კი, ვისაც რელიგია შემოსავლის წყარო ჰგონია, ისიც წაერთმევა, რაც გააჩნდა. თუ უფალს მხურვალედ დაეწაფები, სხვა მოთხოვნები არ გექნება. ის აუცილებელს არასოდეს მოგაკლებს…

– ყოფილი ათიესტების, ანუ კომუნისტების მასობრივი მოქცევის გჯერა?

– მჯერა სავლეს პავლედ გადაქცევის. ისიც მჯერა, მარიამ მაგდალინელს პირველი იესო რომ გამოეცხადა… მჯერა ავაზაკის ცხონებაც და იუდას წარწყმედაც… ,,უფალი მწე ჩემდა, მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის…“

– …რუსეთი ოკუპანტია?

– მინდა, ამ შეკითხვას საპირისპირო არგუმენტებით ვუპასუხო, მაგრამ რუსეთთან დამოკიდებულებისა და ურთიერთობის ისტორია ამის საშუალებას არ მაძლევს. ჩემთვის ნამდვილი რუსეთი დოსტოევსკის, პუშკინის, ტოლსტოის, სერაფიმ საროველისა და კიდევ იმ ადამიანთა სამშობლოდ მინდა დარჩეს, რომლებიც საქართველოს, როგორც სახელმწიფოსა და დიდი კულტურის მქონე ქვეყანას, უდიდეს პატივს სცემდნენ. დღეს კი, რეალობა შემზარავია: ენგურთან გადაკეტილი საზღვარი, იკორთაში შეწყვეტილი საღმრთო ლიტურგია. ვფიქრობ, ჩვენი კავშირები ჩრდილოეთთან იმთავითვე ერთმორწმუნეობით იყო გამოწვეული, მაგრამ სამწუხაროდ, რელიგიაც არასასურველი მიზნებისთვის იქნა გამოყენებული. უფალმა ინებოს, ყველაფერი დალაგდეს.

– შეკითხვა, რომელსაც საკუთარ თავს ყველაზე ხშირად უსვამ…

– რა იქნება ჩემი ბოლო?.. როგორი იქნება სამყაროს მეორე მხარე და სად ვიქნები საბოლოოდ?..

– ქრისტეს ეპოქაში რომ გეცხოვრა, მაცხოვრის მოწაფე იქნებოდი?

– ქრისტე ყველა ეპოქაშია… ჩვენ გავურბივართ. როგორც დღეს ვემოწაფებით, ისე ვიქნებოდით პირველ საუკუნეშიც. ჩვენი გული და გონება დაშორდა ღმერთს. მხოლოდ სიტყვებით ვადიდებთ. იშვიათად გამოკრთება სინანული და თაფლის სანთელივით მიინავლება. არასაკმარისი სიყვარული გაგვაჩნია უფლის მიმართ. მასთან ურთიერთობა თავდადებას და ერთგულებას მოითხოვს. ძნელია, იყო კარგი მიმდევარი, მაგრამ მის გარეშე უფრო ძნელია…

– …შემოქმედება ომია?

– შემოქმედება ჯვარცმაა. გოლგოთის გარეშე შეუძლებელია, ღირებული შეიქმნას. შემოქმედმა, ფერისცვალების ღირსი რომ გახდეს, ტანჯვისა და გაუსაძლისი ტკივილის გზა ყოველწამიერად უნდა გაიაროს. როგორც ტერენტი გრანელი იტყოდა, ,,ჩემი ცხოვრების საგანი გახდა გლოვა, დუმილი და გაწვალება“..

– რა უფრო დიდი ბოროტებაა, მამაო: როცა ადამიანი ცუდს ღმერთის სახელით აკეთებს თუ როცა ცოდვას გაუზრებლად ჩადის?

– ყველაფერი, რაც იესოს სწავლებას ეწინააღმდეგება, არასწორია. ვინც ჩემთან არაა, ის ჩემს წინააღმდეგაა, – ბრძანებს უფალი. ღვთის სახელით არაკეთილსინდისიერი საქმეების კეთება ბოროტების სათავეა. ადამიანები ტაძრამდე ერთმანეთისთვის გზა უნდა ვიყოთ, მაგრამ თუ ეს არ შეგვიძლია, ამ გზაზე შემდგარი მაინც არ უნდა დავაბრკოლოთ და საპირისპირო მიმართულებით არ წავიყვანოთ. ,,საქმემან შენმან წარმოგაჩინოს შენ“.

petre-mama

– არსებობს თუ არა ისეთი ცოდვა, რომელსაც, როგორც მოძღვარი, სულიერ შვილს ვერ მიუტევებ?

– როგორც წმინდა წერილი გვეუბნება, ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება, გარდა სულიწმინდის გმობისა. ცოდვათა მიტევება მარტო აღსარების თქმით არ გამოიხატება.

– აბა?

– მხოლოდ მაშინ მიგეტევება, თუ სინანული გაგაჩნია და იგივეს არ მიუბრუნდები. გავიხსენოთ მაცხოვრის მარჯვენით ჯვარცმული ავაზაკი: მან ჯვარცმულ ქრისტეში ღმერთი შეიცნო და თავისი შინაგანი მდგომარეობა ერთ წინადადებაში ჩაატია. ამიტომაც უთხრა უფალმა: ,,დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში…“ გენიალურად ამბობს დოსტოევსკი: „შენ არ ჩამოსულხარ ჯვრიდან, როცა გიყვიროდნენ, დაგცინოდნენ და აბუჩად გიგდებდნენ: ,,იხსენი თავი შენი. თუ ღვთის ძე ხარ, ჩამოდი ჯვრიდან“. არ ჩამოხვედი, რადგან ისევ და ისევ არ გინდოდა სასწაულის ძალით დაგემონებინა ადამიანი. შენ თავისუფალი ადამიანის რწმენა გჭირდებოდა და არა – სასწაულებით დამონებულის. თავისუფალი სიყვარული გწყუროდა და არა – უძლური, შენ არ გჭირდებოდა ადამიანის გულში დამზაფრავი ძალის წინაშე საუკუნოდ ჩასახული მონური აღტაცება.“

– ისე, ქრისტიანობა დემოკრატიული რელიგიაა?

– ქრისტიანობა ადამიანს ყოველგვარი სისუსტისაგან ათავისუფლებს და საკუთარ თავზე მაღლა აყენებს, როგორც მებაჟე ზაქეს. ადამიანური სისუსტეების დაძლევით მიიღწევა ნამდვილი თავისუფლება. სხვა დანარჩენი კი, მონობაა.

– ამბობენ, რაც არ გკვლავს, გვაძლიერებსო. მაინც, რა გვაძლიერებს?

– ადამიანი მაშინ არის ძლიერი, როცა საკუთარ სისუსტეებს ერევა. პირადად მე, საკუთარ თავთან ბრძოლა მაძლიერებს.

– როგორია ღმერთამდე მისასვლელი ყველაზე მარტივი გზა, ანუ როგორ უნდა იშვას ქრისტე ჩვენში?

– თუ ღმერთი გიყვარს, მასთან მისვლა გემარტივება – ადვილია ყველა წინააღმდეგობის დათმობა და უფლის მსახურება. თუ ნაბიჯებს გაუაზრებლად დგამ და ყველაზე რთული ეტაპით იწყებ, შეიძლება, საბოლოოდ, უფალს დაშორდე. ადამიანი ღვთის სიახლოვეს სტატუსით ვერ დადგება. შეიძლება, ბერის მანტია გემოსოს და ღვთისგან შორს იყო, ან პირიქით, მრუშს შეიძლება, იმხელა სინანული გაუჩნდეს, რომ მასში უფალი იშვას.

– …არსთაგამრიგეს რომ შეხვდე, რას სთხოვ?

– ,,მომიხსენე მე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა…“ მეტი თხოვნა არ მაქვს, გარდა იმისა, რომ უფლის გულში მყუდრო ბინა მინდა.

– უცოდველი ხარ, მამაო?

–  ყველა ცოდვა ქარიშხალივით მძვინვარებს ჩემში და სულის იალქნები იესოს ლოცვით ებრძვიან დაღუპვას. ნაპირამდე ჯერ კიდევ შორია… ვერც ფეხით გავივლი ზღვის ზედაპირზე – ვიცი, რომ ჩაძირვას დავიწყებ. ნაპირთან შუქურასავით იესო ანათებს. ხომალდით მისკენ მივცურავ. შტორმები ხშირად უკან მაბრუნებენ, მაგრამ არ ვნებდები… ღვთისადმი მხურვალე სიყვარულით გავინაპირებ…

– საკუთარი თავის პატიება შეგიძლია?

– დედამიწაზე, საკუთარი თავის გარდა, ჩემი მომრევი არავინაა! აი, თავს რომ მოვერევი, სიხარულით ვიყვირებ: ,,შენ, წმინდაო, მაცხოვარო, ამინ!..“

– ხორციელი სიყვარული, ესე იგი, ვნება, სექსი, რომელიც ახალი სიცოცხლის საწყისი ხდება, ცოდვაა?

– ახალი სიცოცხლის დაწყებისთვის უფალმა ადამიანს მეუღლე დაუდგინა, მკაცრად შემოსაზღვრული კანონებით. სიყვარული ცოდვა არაა, მაგრამ სიყვარულის სახელით ხორციელ ვნებაში თავით გადაშვება, ყველა ცოდვის გამომწვევია.

petreee

– როგორი იქნება მამა პეტრეს სიცოცხლე გარდაცვალების მერე?

– არ მინდა, ვიცოდე. ,,დარჩეს ეს საიდუმლოდ, როგორც წმინდა ემბაზი”. გარდაცვალება ერთადერთია, რაც არასოდეს დაკარგავს ინტერესს. წინასწარ რომ ვიცოდეთ, იქაურობა როგორია, ფასი დაეკარგებოდა და აზრი არც ბრძოლას ექნებოდა!

– ბოლოს, მამაო, მითხარი, საიდან მოდის, ან საით მიდის ადამიანი?

– ადამიანი იქ მიდის, საიდანაც მოდის! შინიდან სუფთა გამოგვიშვეს და უკან ტალახში ამოსვრილები, დაბრმავებული თვალებით ვბრუნდებით, მაგრამ ვერ ვაგნებთ ჩვენი სახლის კარს. ვხეტიალობთ, ვორჭოფობთ, ვიბნევით, სხვას ვაბრალებთ გასაღების დაკარგვას. სინამდვილეში, სულზეა მიბმული და უყურადღებობით დაიჟანგა. ის ჩვენს გვეკუთვნის, ოღონდ ფუნქცია დაკარგა. აღდგენა შეიძლება. კაცობრიობა მარადიულ წრებრუნვის გზაზეა შემდგარი, მაგრამ შინ დასაბრუნებელი გზა მაინც ვერ ისწავლა. კითხვა-კითხვით, ნაბიჯ-ნაბიჯ, დაღლილი, დამტვერილი, ძალაგამოლეული იქნებ, საბოლოოდ, მიადგეს სახლის კარს, საიდანაც სავსე გამოვედით და ცარიელი ვბრუნდებით…

ესაუბრა ვანო პავლიაშვილი

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიბეშუმში დაშავებული ბავშვები ბათუმში პრემიერ-მინისტრის ვერტმფრენით გადაჰყავთ
შემდეგი სტატიაფეისბუქომი-„ტყუილის მანქანები „ოცნებაში“ მოკითხე!“