მამა ლეონი სააკაშვილს:დავიტოვებ იმედს და ამ ყველაფერს თქვენს შიმშილობას, პატიმრობას და ახლანდელი მძიმე ყოფით დაშვებულ შეცდომას დავუკავშირებ

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ლეონ გელოვანი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. მამა ლეონი სააკაშვილს მიმართავს, რომ ქრისტეს რწმენის ერთგულების დასადასტურებლად საქართველოს საპატრიარქოს ერთგულება აუცილებელი არ არის.

მამა ლეონის მიმართვას სრულად გთავაზობთ:

“ბატონო პრეზიდენტო, მე – თქვენდამი პატივისმცემელი და ქვეყნისთვის თქვენი ნაკეთები არაერთი კარგი საქმის დამფასებელი, არ შემიძლია გულისტკივილით არ გამოვეხმაურო თქვენს დღევანდელ სიტყვებს, თუმცა დავიტოვებ იმედს და ამ ყველაფერს თქვენს შიმშილობას, პატიმრობას და ახლანდელი მძიმე ყოფით დაშვებულ შეცდომას დავუკავშირებ.

ვერ დავიჯერებ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს ეთანხმებოდეთ იმ საკითხში, რასაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მინიმუმ იგნორი, ფაქტობრივად კი უარყოფა ჰქვია.

ასევე, არ ვიცი თქვენთან რამდენად უსაუბრია ვინმეს იმ კონკორდატის ცუდ შედეგებზე, რომლითაც ამ განცხადებაშივე ამაყობთ, თუმცა მე პირადად, ადამიანს რომელიც საერთო ჯამში დადებითად აფასებს თქვენს პოლიტიკურ მოღვაწეობას, კონკორდატი თქვენი მთავარი შეცდომა მგონია.

კონკორდატი, რომლის წყალობითაცაა სწორედ, დღეს რომ მოსაყდრედ წოდებული მიტროპოლიტი კადრულობს ამ ყველაფერს, ფაქტობრივად თქვენი განაჩენის ამბიონიდან წაკითხვას და დარწმუნებული ვარ მეტსაც იკადრებს.

კონკორდატი, რომლის წყალობითაც მისნაირი იერარქები პრივილეგირებულად გრძნობენ თავს და აბუჩად იგდებენ არა მხოლოდ სხვა რწმენის, არამედ საკუთარი ეკლესიის წევრებსაც კი.

კონკორდატი, რომლის წყალობითაც სიცოცხლე გაუმწარეს არაერთ ადამიანს, მაგალითად ჩემს მოძღვარს, რომლისთვისაც თქვენც არაერთხელ გიწოდებიათ საჯაროდ მოძღვარი – დეკანოზ მიქაელ ასათიანს. სხვათაშორის, მამა მიქაელის დაკრძალვას (მღვდლის რომელიც 40 წელი მუხლჩაუხრელად ემსახურა ეკლესიას) საპატრიარქოდან პატივი არავინ მიაგო, სწორედ მისი თქვენდამი დადებითი დამოკიდებულების გამო.

ბატონო პრეზიდენტო, განათლებული ადამიანის მთავარი ღირსება სწორედ ისაა, შეამჩნიოს საკუთარი შეცდომა, რომლის გარეშეც ვერავინ განლევს ცხოვრებას და გამოასწოროს იგი, ვფიქრობ, თქვენ ეს ბრწყინვალედ შეგიძლიათ და სწორედ ამიტომ გწერთ ამ წერილს.

საპატრიარქო არ არის ის საყრდენი, რომელიც თქვენ გჭირდებათ, პირიქით, მგონია რომ მათ დაჭირდებით სულ მალე.

როგორც ქრისტიან მღვდელს, მახარებს თქვენი სულისკვეთება, იყოთ ქრისტეს ეკლესიის ერთგული და ვფიქრობ, ამ პირად კეთილ სურვილს არც სეკულარიზმი უშლის ხელს, თუმცა მერწმუნეთ, ქრისტეს რწმენის ერთგულების დასადასტურებლად, საქართველოს საპატრიარქოს ერთგულება არ არის აუცილებელი”.

banner
წინა სტატიაში“დროამ” და “ლელომ” კოალიციური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქედის რაიონში ბუტიკ სასტუმრო გაიხსნა