მამა ილია: ეკლესია არ არის იარაღი ძალაუფლებისთვის, ან პირადი ინტერესებისთვის

ეკლესია არის წმიდა საწყისი, რომელიც ადამიანს სინანულითა და შინაგანი გარდაქმნით ღვთის ჭეშმარიტებისკენ მიჰყავს. ეკლესია იმათთვისაა, ვინც გულწრფელად ეძებს ღმერთს, ვისაც განწმენდა და გარდაქმნა სურს, და ახალი ცხოვრების გზას იწყებს. ქრისტე ჩვენს შორის არ მოვიდა ძლიერთა დასახმარებლად, არამედ სუსტთა და ცოდვილთა ხსნისათვის (მათე 9:13; მარკოზი 2:17; ლუკა 5:32).

მაგრამ, როცა ადამიანები ეკლესიას საკუთარი უზნეობის ნიღბად იყენებენ, ეს არა მხოლოდ ცოდვაა, არამედ ღვთის სახელის შეურაცხყოფა. ეკლესია არ არის ადგილი, სადაც პირადი მიზნები იმალება, არამედ ჭეშმარიტებისა და სინანულის სივრცეა. ვინც რელიგიას მანიპულაციის იარაღად აქცევს, ის არ ასრულებს ქრისტეს მოწოდებას, არამედ ეწინააღმდეგება მის ნებას.

ქრისტე გვასწავლის, რომ სიწმინდე მხოლოდ გარეგნულ ფორმებს არ ეფუძნება. წმინდა ცხოვრება იწყება გულწრფელი თაყვანისცემით და შინაგანი ცვლილებით, რასაც ღმერთი გულში ხედავს (მათე 23:27-28; იოანე 4:24; 2 კორ. 5:17).

ვაი მათ, ვინც ადამიანებს იპყრობენ სიტყვებითა და გარეგნული ღვთისმოსაობით, მაგრამ გულში შორს არიან ღმერთისგან (შდრ. მათე 15:8).

ეკლესია არ არის იარაღი ძალაუფლებისთვის ან პირადი ინტერესებისთვის, არამედ ღვთის სიყვარულისა და ჭეშმარიტების გზაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აერთიანებს. ფარისევლობა და შარლატანობა სიყვარულისა და ერთობის წინააღმდეგ დგას. ნუღარ მივცემთ ნებას, რომ მან შეცვალოს ეკლესიის ჭეშმარიტი მისია და ჩვენი ცხოვრების გზა. ეკლესია არის სინანულის, ხსნისა და ნამდვილი სულიერი განახლების ადგილი – ვეცადოთ, რომ სწორედ ასეთად დარჩეს,-არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა Facebook-ზე განცხადებას აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაში“ახალი არჩევნები და დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლება… ეს არის საჭირო დეესკალაციისთვის” -ნიკა გამყრელიძე
შემდეგი სტატია“დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაპატიმრებულები, დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდეს ახალი არჩევნები” – საქართველოს ICT სექტორის მიმართვა