მამა იერონიმე ქათამაძის და მამა ირინეოს შენგელიას პასუხი მამა მიქაელ ბრეგვაძის ბრალდებებს

მამა იერონიმე ქათამაძის და მამა ირინეოს შენგელიას პასუხი მამა მიქაელ ბრეგვაძის ბრალდებებს, რომელიც გამოითქვა მათ მიმართ და მსოფლიო საპატრიარქოს მიმართ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მხარდაჭერის გამო.

პასუხად იღუმენ მიქაელ ბრეგვაძეს (Miqaeli Bregvadze):

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან გაკეთდა არაერთი განმარტება უკრაინაში ჩვენი ვიზიტის შესახებ, ვხედავთ, რომ ზოგიერთ სასულიერო პირს კიდევ არ ამოეწურა კითხვები, ამ შემთხვევაში იღუმენ მიქაელ ბრეგვაძეს.
აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული სასულიერო პირი განიხილავს სატელევიზიო სივრცეში, სხვა ეპარქიის წევრი მღვდელმსახურების საკითხს საჯაროდ და თანაც ისე, რომ მას ჩვენთან საერთოდ არ უსაუბრია და ამიტომაც მან დაუშვა რიგი შეცდომები, საკითხის უცოდინრობის გამო.

1) მამა მიქაელ, თქვენ მრავალგზის ახსენეთ, რომ ჩვენ გახლავართ ათენის უნივერსიტეტის სტუდენტები და რომ ჩვენ მათ მიერ ვიყავით წარგზავნილი. რაც არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს.
სიმართლე კი გახლავთ, რომ ჩვენ ვსწავლობთ თესალონიკში და გვქონდა სპეციალური ნებართვა უნივერსიტეტიდან, რომ წავსულიყავით უკრაინაში და გვემუშავა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე და უფრო ახლოდან გავცნობოდით არსებულ რეალობას, რაზეც უნივერსიტეტიდან სრული მხარდაჭერა გვქონდა.

2) თქვენ ბუნდოვნად აღნიშნეთ და საზოგადოებაში შეიტანეთ დაბნეულობა, ჩვენი მსახურებაზე დგომის შესახებ.
კერძოდ, თქვენ კითხვის ნიშანი დასვით, რომ მსახურებაზე არ დგომა ნიშნავს, მხოლოდ არ შემოსვას?!

მამა მიქაელ, საღმრთო მსახურებაში, მღვდლის მონაწილეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიქმება, თუ ის თანა ილოცებს ან თანა იმსახურებს! ჩვენ კი, ღრმა პატივისცემითა და მორჩილებით საქართველოს უწმინდესი ეკლესიისა, რომელიც ამ დრომდე არ შესულა ევქარისტიულ კავშირში უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასთან, გათვალისწინებით ამისა, არც ლიტურგიკულად შევმოსილვართ, არც მონაწილეობა მიგვიღია საღმრთო მსახურებაში და არც წმინდა ზიარებას მივახლებივართ.

3) ასევე, თქვენ აღნიშნეთ: “აქ არის ძალიან ბევრი ეჭვები, კერძოდ ის, რომ პირველ რიგში ეს ადამიანები ჩავიდნენ და იქ ილაპარაკეს საქართველოს ეკლესიის სახელით”.

მამა მიქაელ, ეს არის ცილისწამება და მტკნარი სიცრუე. ჩვენ არა ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ვიზიტი იყო კერძო და არა ოფიციალური სახის, აქედან გამომდინარე, აბსურდია, რომ ჩვენ უკრაინაში ვისაუბრეთ საქართველოს ეკლესიის სახელით. ვიზიტისას, ჩვენ მხოლოდ ჩვენი პირადი და კერძო მოსაზრებები გამოვხატეთ და არსებობს ამის დამადასტურებელი არა ერთი ფაქტი.

4) მამა მიქაელ, თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენი მმართველი მღვდელმთავარი – მიტროპოლიტი იობი, მხოლოდ საღვთისმეტყველო ვიზიტის შესახებ იყო ინფორმირებული და თითქოს მხოლოდ ამაზე იყო მისი კურთხევა.

რა თქმა უნდა, თქვენ აქაც მწარედ ცდებით, ვინაიდან ჩვენი მღვდელმთავარი ინფორმირებული იყო სრულიად, ჩვენი უკრაინაში თითოეული ნაბიჯის შესახებ და მისი ნებართვის გარეშე, ერთი ნაბიჯიც არ გადაგვიდვამს.
რასაკვირველია მასთან შეთანხმებული იყო, არამხოლოდ კიევის სასულიერო აკადემიაში საღვთისმეტყველო-სამეცნიერო სახის ვიზიტი, არამედ უნეტარეს ეპიფანესთან კერძო აუდიენცია და მასთან საუბარი, ასევე მისმა მეუფებამ იცოდა, რომ იცოდა ისიც, რომ ჩვენ მსახურებაზე უნდა დავსწრებოდით, მაგრამ არ გვემსახურა, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ეკლესიას, ჯერ კიდევ არ დაუმყარებია ევქარისტიული კავშირი უკრაინის ეკლესიასთან.

5) თქვენ ასევე ბრძანეთ, რომ: “მეორე კითხვა იმაში მდგომარეობს რომ, ათენის საღვთისმეტყველო სასწავლებელმა ქართველები რატომ გაუშვა და არა ვთქვათ მათი ეკლესიის, ათენის ეკლესიის წარმომადგენლები, ყველამ იცის რომ აქ ვითარება არ არის ასე კარგად, როგორც მაგალითად ზოგიერთს ჰგონია”.

პირველი ის, რომ კვლავ დაუშვით შეცდომა და ათენის უნივერსიტეტს მიგვაწერეთ, მეორე ის რომ ძალიან შორს ხართ აკადემიური სივრცის სტანდარტების ცოდნისგან, ვინაიდან საბერძნეთში არსებული ნებისმიერი უნივერსიტეტი, არის საერთაშორისო და მასში სწავლობენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენლები, ასე რომ სამეცნიერო თუ შემეცნებითი სახის მოგზაურობაში, ქართველების მონაწილეობაზე გაკვირვება და შეშფოთება, თქვენი მხრიდან, ძალიან უხერხულია, ვინაიდან უნივერსიტეტს აქვს უფლება, თავისი სტუდენტი, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში წარგზავნოს, ეროვნული ნიშნისდა მიუხედავად.
რაც შეეხება, თქვენს ბუნდოვან შეფასებას, რომ “აქ ვითარება არ არის ასე კარგად”, ამ წინადადებაზე არ გავაკეთებთ კომენტარს, რადგან გაურკვეველია რას გულისხმობთ ან რას მალავთ ამ სიტყვების უკან!

6) ასევე თქვენ ბრძანეთ: “ორმა სასულიერო პირმა, მისცა ინტერვიუ, სხვა არხს, სადაც მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ პირდაპირ ციტატა შემიძლია მოვიყვანო, “ვთქვათ წავედით საღვთისმეტყველო, ესეიგი მიზნით”, რას ნიშნავს ვთქვათ წავედით?! ვინ გაგიშვათ? როგორ წახვედით? რა მიზანს ემსახურებოდა? რა კონფერენცია ჩატარდა? ეს ყველაფერი ხომ უნდა ვიცოდეთ? და ამ შემთხვევაში არ ვიცით”.

მამა მიქაელ, აქაც კვლავ აბნევთ და შეცდომაში შეგყავთ მსმენელი, მე ჩემს ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა სახის ვიზიტი იყო ეს, აღვნიშნე რომ “ეს იყო ასე ვთქვათ საღვთისმეტყველო-სამეცნიერო ხასიათის ვიზიტი”, თქვენ კი სამწუხაროდ კონტექსტიდან ამოგლიჯეთ ფრაზა და დამახინჯებული ვერსიით წარუდგინეთ საზოგადოებას და ამით ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინეთ.
ვინ გაგვიშვა, როგორ წავედით, რა მიზანს ემსახურებოდა?
ამ კითხვებზე, თქვენ თვითონვე გაეცით პასუხი გადაცემის მსვლელობისას და რაღატომ სვამთ პასუხ გაცემულ კითხვებს?!
ამბობთ, რომ “ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ და არ ვიცით”, ახლა ჩნდება საფუძვლიანი კითხვა, მრავლობით პირში, თქვენს გარდა ვის გულისხმობთ? იქნებ დააკონკრეტოთ! ვინ უნდა იცოდეთ და რატომ უნდა იცოდეთ?!

7) ბოლოს თქვენ ბრძანეთ: “დღეს, კონსტანტინეპოლის მაგალითად პატრიარქი და მისი სინოდი, როცა უნდა აკრიბიას ხმარობს და როცა უნდა იკონომიას ხმარობს უკრაინასთან მიმართებაში, ეს ფაქტიურად აბსოლიტურ თავისუფლების მოქმედების უნარს აძლევს მას და მას შეუძლია სამასი წლის წინანდელი რაღაცა შეთანხმება, რომელიც სამასი წლის განმავლობაში დასტურდებოდა სხვა და სხვა პატრიარქის მიერ, საკუთარი პატრიარქების გადაწყვეტილება გააუქმოს, შექმნას ალტერნატიული ეკლესია არსებულ ეკლესიაში, არსებულ ეპარქიებში ახალი ეპისკოპოსები გამოაცხადოს ეპისკოპოსებად, ისიც აღიაროს, ესეც აღიაროს, არ ჯდება არაფერში!”

მამა მიქაელ, ნუთუ არ გრცხვენიათ, როცა თითქმის ყოველ თვე, მსოფლიო პატრიარქის საგანგებო კურთხევით ჩადიხართ კონსტანტინეპოლში და ქართველებისთვის წირავთ ქართულ ენაზე, ხვდებით თავად ყოვლადუწმინდესს, “ხოროსტასიის” სახით ის ესწრება თქვენს მიერ აღვლენილი მსახურებას და ხელებს უკოცნით მას და იმ სინოდის წევრებს, რომლებსაც ესოდენ აკრიტიკებთ და ბრალს დებთ საეკლესიო წესრიგის დარღვევაში, თქვენ ჩვენთვის დაკარგეთ სახე, მართლმკვეთელი მღვდლისა!
ვინაიდან საკუთარ თავს უფლებას აძლევთ ცილი დასწამოთ და ბრალი დასდოთ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მრავალმხრივ დარღვევებში, ამიერიდან კეთილი ინებეთ და “განთიადის” ეთერში საჯაროდ საუბრის ნაცვლად, ეს კითხვები და პროტესტი გამოხატეთ იქ, სადაც ყოველ თვე დაბრძანდებით და იხსენებთ მსოფლიო პატრიარქის სახელს!

ამიერიდან გაითვალისწინეთ, თუ გინდათ რომ ასეთ სავალალო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ საზოგადოების წინაშე, ჯერ დაუსვით კითხვები მათ, ვისაც უშუალოდ ეხება კონკრეტული საკითხი და არა ზეპირმეტყველების ხარჯზე ისაუბროთ “განთიადის” ეთერში და დაუშვათ მრავალი სახის შეცდომა.

საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის, მღვდელმონაზონნი:

† იერონიმე (ქათამაძე)

† ირინეოსი (შენგელია)

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ისევ გამოჩნდა წარწერები-სიტემა ყარს!
შემდეგი სტატია“მწვანე სკოლა” 15 წლის ლუკა სირაძისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების სახით 300 ლარს ითხოვდა