24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

მამა ეფრემ ლომიძე: განსაკუთრებით ვლოცულობთ იმისათვის, რომ აღსრულდეს უფლის ნება

მამა ეფრემ ლომიძე სოციალურ ქსელში სინოდის სხდომის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ ვინ იქნება შემდეგი კათოლიკოს-პატრიარქი, არამედ იმას, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი, მივიღოთ ნაფიქრი და კონსტრუქციული პასუხი, დიაგნოზი და რეცეპტი ყველა იმ საკითხების ირგვლივ, რომლებიც ჩვენი ხალხის ყოველდღიური სამრევლო თუ საზოგადო ცხოვრებიდანაა ამოზრდილი.

„მას შემდეგ, რაც ღვთივგანისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II, დღეს პირველად ჩვენი ეკლესიის წმ. სინოდი იკრიბება სამი ახალი საპატრიარქო კანდიდატის გამოსარჩევად.

განსაკუთრებით ვლოცულობთ იმისათვის, რომ აღსრულდეს უფლის ნება. ეს კი უპირველესად გამოიხატება სულიწმიდისა და წმ. სინოდის წევრთა სინერგიულ კოოპერაციაში, რათა წმ. სინოდის მღვდელმთავარები გახდნენ საღვთო ნების შემცნობელნი ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში, რომ საბოლოოდ იზეიმოს ჩვენი ეკლესიის სისავსემ ახალი კათოლიკოს-პატრიარის გამორჩევის შემდეგ, ვინც ღირსეული გამგრძელებელი იქნება ჩვენი დიდი წინაპარი პატრიარქებისა და მათი მემკვიდრეების, ვინც დღემდე უწყვეტად გადმოგვცეს საეკლესიო ტრადიცია და ეკლესიის მაცხოვნებელი სწავლება!

ჩვენთვის დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ ვინ იქნება შემდეგი კათოლიკოს-პატრიარქი და რა ერქმევა მას, არამედ იმას, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი, მივიღოთ ნაფიქრი და კონსტრუქციული პასუხი, დიაგნოზი და რეცეპტი ყველა იმ საკითხების ირგვლივ, რომლებიც ჩვენი ხალხის ყოველდღიური სამრევლო თუ საზოგადო ცხოვრებიდანაა ამოზრდილი!

ამ პერსპექტივიდან საკითხის დანახვა ერთი მხრივ აგვარიდებს პიროვნული-ადამიანური გულისტკენების ჩარჩოებში დარჩენას და მეორე მხრივ ეს კვლავ დაგვაბრუნებდა საგნობრივი დისკურსისკენ!
მას შემდეგ, რაც ჩვენი აწ გარდაცვლილი პატრიარქის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის შედეგად სახეზე გაქვს რაოდენობრივად ნამდვილად დიდი სამწყსო, მნიშვნელობა აქვს ისეთი სულისა და ცოდნის, გამოცდილებისა და ქარიზმის მქონე მმართველის არსებობას ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლის ადგილას, ვინც სერიოზულად მიუდგება მორწმუნეთა კითხვებს და თანაგრძნობით გაიზიარებს და გაიაზრებს ის იმ თემებსა და საკითხებს, რომლებიც ჩვენი ცხოვრების სულიერ, სოციალურ, ანთროპოლოგიურ, საგანმანათლებლო, ადმინისტრაციულ თუ სხვა ასპექტში ადეკვატურ და კომპეტენტურ შესწავლას და კურნებას მოითხოვს!

ეკლესია არის შუამავალი დროსა და მარადისობას შორის და ის ერთი მხრივ უნდა ატარებდეს პასუხისმგებლობას, დაუბრუნოს ადამიანებს ცოცხალი, ჭეშმარიტი და მოწყალე ღმერთი და მეორე მხრივ შესწევდეს უნარი, რომ დაინახოს მოცემული დროის სული და რეალობა, რომ დაიწყოს ამ დროის სულის გამოწვევების შედეგად არსებული ღია საკითხების სულიერი თვალით დანახვა, მათი რაციონალურად გადაფასება და საბოლოოდ მათი გაბედულად გადაჭრა და მოგვარება!

ვინც ამ მიმართულებით წაიყვანს ჩვენი ეკლესიის ცხოვრებას, დავინახავთ რეალურად, თუ რა ტრანსფორმაციული ძალა აქვს ეკლესიის როლს როგორც მისი სამწყსოს, ასევე მთლიანად ქვეყნის ცხოვრებაში, მისი პროგრეს(ირებ)ის გზაზე!

მიუხედავად იმისა, თუ რა ერქმევა ჩვენი ეკლესიის შემდეგ საჭეთმპყრობელს, ახალ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ის მივიღოთ როგორც საკუთარი მამა, გამოვუცხადოთ საეკლესიო სწავლების მიხედვით მოცემული მორჩილება და ამავდროულად არ დაგვავიწყდეს, რომ ვაკეთოთ საკუთარი საქმე იქ, სადაც დღეს ვართ დადგენილი ჩვენი სულიერი წინსვლისა თუ ეკლესიისა და ხალხის ლამაზი მსახურების გზაზე“, — წერს მამა ეფრემ ლომიძე.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი სინოდის სხდომას ეხმაურება
შემდეგი სტატიაფინეთის პრეზიდენტი: ომის გამო ევროპისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება შეფერხდა