მამა ანდრია სარია: მიტროპოლიტ ანტონის ქმედება ადამიანურ პატიოსნებასაც ცილდება

მიტროპოლიტ ანტონმა ჟურნალისტზე ძალადა

“მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას ქმედება არა მხოლოდ ქრისტიანულ ნორმებს, თვით ადამიანურ პატიოსნებასაც ცილდება”, – ასე ეხმიანება მამა ანდრია სარია სოციალურ ქსელში მიტოპოლიტ ანტონის მხრიდან ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერიძეზე ფიზიკურ ძალადობას.

“ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას ქმედება არა მხოლოდ ქრისტიანულ ნორმებს, თვით ადამიანურ პატიოსნებასაც ცილდება. პიროვნულმა ,,სიყვარულმა” და ,,თანაგრძნობამ” ეპისკოპოსების ნაწილი უკონტროლო გახადა. სწორედ ახლა მიმაჩნია ხმის ამოღება სავალდებულო და აუცილებელი.
რაც შეეხება საეკლესიო კანონს ძალადობის წინააღმდეგ, ეს ყველამ უნდა წაიკითხოს. მოც. 27 და ორგზის კრების მე-9 კანონი.
საპატრიარქო სდუმს, სინოდის ზოგიერთი წევრები თავად არიან ძალადობის ინსპირატორები. ქრისტემ სიყვარული გვასწავლა, ესენი კი ღვარძლის დანერგვას ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობენ.
ზონარა კანონის განმარტებისას წერს: ,,უფალმა ღმერთმა გვასწავლა ყველას სიყვარული, ხოლო მის მოსწავლეებს მცნებად მისცა: რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები ,,იფხიზლეთ”. ღვთის მცნებებს შორის არის ასეთიც: ,,ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას. და თუ ვინმეს სურს გიჩივლოს და წაგართვას შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამიც” (მთ. 5. 39-40). ერისთვის თუ ამ დონემდეა მცნება მიცემული, მღვდელს რამდენად ევალება მისი დაცვა? არათუ მორწმუნე, თვით პოლიციელსაც კი აქვს თმენის ვალდებულება შეურაცხყოფის მიუხედავად… მხილება და ძალადობა აერიათ ერთმანეთში, უფრო მეტიც. ისინი ვერ ეგუებიან საჯარო მხილებას, რაზეც მოციქული მოგვიწოდებს და სიყვარულით გვავალდებულებს: ,,შემცოდენი ყველას წინაშე ამხილე დანარჩენთა დასაშინებლად” ( 1 ტიმ. 5. 20). ამხილეს ნაცვლად ლამისაა წიხლებიდ შესდგნენ ადამიანებს… უფალსაც შეეძლო ფარისევლების წინააღმდეგ ძალა გამოეყენებინა და პასუხი გაეცა, მაგრამ ძალადობის ნაცვლად სიყვარული აჩვენა. ტიმოთეს წერს პავლე მოციქული როგორი არ უნდა იყვნენ ეპისკოპოსები: ,,კაცთმოძულენი, გულღრძონი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი” (ტიმ. 3. 3).
ჟურნალისტი, ერისკაცი ან მღვდელი მართალი არის თუ არა სასულიერო პირს არა აქვს უფლება იძალადოს ვინმეზე. ის არამხოლოდ საერო კანონით, სასულიერო კანონითაც ისჯება ბოროტმოქმედებისთვის. ეპისკოპოსი, რომელიც ასეთი სახით მოქმედებს მის მოწინააღმდეგეებზე და სურს შიში დანერგოს ძალადობით, ის არის უკანონობის ჩამდენი, რომელსაც უფალი ასწავლის მეორე ლოყის მიშვერას. ბალსამონი დასძენს ძალადობაზე კანონის განმარტებისას: ,,ეკლესიის მსახურნი არ უნდა იყვნენ მრისხანებისგან დამარცხებულნი”… ქრისტე თავის მოციქულებს მკაცრად ეუბნება: ასე ნუ იქნება თქვენს შორის; და უფრო მეტიც: გიყვარდეთ მტერნი თქვენიო….
ერთ რამეში ადამიანები ვთანხმდებით, რომ კლასობრივი დამოკიდებულება არ გამქრალა ჩვენს ქვეყანაში და ამაში ვეთანხმები მარქსს. დღევანდელი მინისტრები, ეპისკოპოსები და დეპუტატები ერთ დონეზე გადიან: დიპლომატიური პასპორტები, თავისუფალი შეხუმრებები ერთმანეთთან და ძმაკაცობა, ხოლო მეორეს მხრივ გაჭირვებული მოსახლეობა. ტაძარშიც კი ადვილი შესამჩნევია მთავრობის წევრებისთვის ცალკე ,,სადგომი” სუფრაზე რომ არაფერი ვთქვა. ეპისკოპოსების ნაწილი ამბიონებიდან პოლიტიკაზე უფრო მეტს ქადაგებენ, ვიდრე გაჭირვებულთა თანადგომასა და ქრისტეს სიყვარულზე.

და ბოლოს, ეს არის საეკლესიო კანონები, რომელიც უნდა იცოდეთ:

მოციქულთა კანონები
კანონი 27
ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გალახავს, დაჩაგრავს და ამ გზით მოინდომებს დამნაშავის დაშინებას, ასეთი პირის სასულიერო წოდებიდან განკვეთას ვბრძანებთ, რამეთუ ეს უფალს ჩვენთვის სრულებითაც არ უსწავლებია, პირიქით სცემდნენ და იგი არ პასუხობდა დარტყმებით, “…ევნებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა…” (I პეტ. 2,23).

კონსტანტინოპოლის ორგზის კრების კანონები
კანონი 9

სამოციქულო და საღმრთო კანონი განკვეთს მღვდლებს, რომლებიც სცემენ ცოდვის ჩამდენ მორწმუნეს ან შემავიწროებელ და მოძალადე ურწმუნოს. ზოგიერთები, თავისი გულისწყრომის ასრულების მსურველნი და სამოციქულო განწესებების ცილისმწამებლები, კრძალავენ მხოლოდ თავისი ხელით ცემას, თუმცა კანონში არაფერი ასეთი არ ჩანს, არც მართალი სიტყვის ასე გაგებას არ ბრძანებს კანონი. ნამდვილად ამაო და დიდად მცდარია ის აზრი, რომ განკვეთის ღირსია მხოლოდ ის, ვინც თავისი ხელით ცემის დროს ორჯერ ან სამჯერ დაარტყამს, ხოლო ის, ვინც უწყალოდ მცემელსა და მტანჯველს სიკვდილამდე ცემის უფლებას მისცემს ბრძანებით, დატოვებულ იქნეს განკანონების გარეშე! კანონი კრძალავს საერთოდ ცემას და მცემელს სჯის. ჩვენც ასევე თანახმანი ვართ, რომ საღმრთო მღვდელმა სწავლითა და სჯულისდებით, როდესაც საჭიროა, საეკელსიო განკანონებით უნდა შეასმინოს უწესოებს და არა ცემით, შოლტით დასეროს ადამიანის სხეული. თუ ზოგიერთები სრულ ურჩობას გამოიჩენენ და განკანონების შეგონებას არ დაემორჩილებიან, არავინ კრძალავს მათ გადაცემას მათი ადგილების საერო მთავრებისათვის. ანტიოქიის კრების მეხუთე კანონი განსაზღვრავს, რომ ვისაც შფოთი და მკრეხელობა შეაქვს ეკლესიაში, მათი მოქცევა და დაწყნარება შეიძლება ხელისუფალთა მიერ”, – წერს მამა ანდრია სარია.

banner
წინა სტატიაშიმიტროპოლიტმა ანტონმა ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერიძეზე ფიზიკურად იძალადა (ვიდეო)
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: მიტროპოლიტი ანტონი რჯულის კანონის მიხედვით ამიერიდან განკვეთილია მღვდელმთავრობიდან