მამა ანდრია სარია – მეუფე პეტრემ ციანიდის სკანდალის დროს ამოიღო ხმა და მთელი სამი წელიწადი შეძლო შეერყია უსამართლობა

“მეუფე პეტრემ ციანიდის სკანდალის დროს ამოიღო ხმა და მთელი სამი წელიწადი შეძლო შეერყია უსამართლობა. მღვდელმთავრების უმრავლესობა მის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ და ისიც გასათვალისწინებელია, რომ არაპროპორციულ პირობებში უწევდა პოზიციონერობა. კარგად გამოჩნდა, რომ ის არავის დავალებას არ ასრულებდა. პატრიარქზე განცხადება როდესაც გააკეთა თითქმის პარტია არ დარჩა მას არ გამიჯვნოდა, უფრო მეტიც, კრიტიკის ობიექტი გახდა. საქართველოში ჯერ კიდევ ჭრის კონფორმისტული პოლიტიკა. საპატრიარქოს მხოლოდ მაშინ ურტყავენ, როდესაც ხედავენ რომ პოზიციის დაფიქსირება აგრესიას არ გამოიწვევს და არა მაშინ, როდესაც ეს საქმისთვის აუცილებელია. ასეთ სიტყვებსაც გავიგებთ: ,, შიგნიდან უნდა დაიწყოო ბრძოლა სიმართლისთვის”, აბა მეუფეს კილიმანჯაროს მთიდან კი არ დაუწყია ხმის ამოღება.

საპატრიარქოს პოლიტიკაა მეუფე პეტრესა და იმ სამღვდელოების გაშავება, რომლებიც ღიად და მწვავედ აკრიტიკებენ ბოროტებას და მათ მიერ ჩადენილ სიბნელეს. ჩემი სარწმუნოება არის და იქნება მართლმადიდებლური, ძალიან მიყვარს ქრისტე და ვეცდები რომ სიკვდილამდე ვუერთგულო. ამას ვხედავ მიტროპოლიტ პეტრეშიც და იმიტომაც მეიმედება. არ ფარისევლობს და არ ელოდება დაუდგენელ დროს, შესაბამის მომენტს, რომელიც კაციშვილმა არ იცის რას ნიშნავს ან როდის დადგება. ეკლესიაში რაც პრობლემა იყო ყველაფერი დაფიქსირდა, მრევლისთვის სახიფათო ფაქტები გამოვლინდა, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ვაანალიზებთ რეალურ საფრთხეებს, ვინაიდან ამბობენ: ,,ეკლესიას ებრძვიან”, ,,ქრისტიანობას გვართმევენ”. მე თვითონ ვარ ეკლესიის წევრი და ვის უნდა წავართვა ქრისტიანობა? ქრისტეზე უკეთესი და სახარებაზე წმინდა არაფერი მაქვს! ეკლესიის ისტორიაში ვის უწოდებდნენ მღვდელს და ვის არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს თუ შენ ლაპარაკობ სიმართლეს ეს არის გადამწყვეტი. ერისკაცსაც ევალება ჭეშმარიტება გააჟღეროს.

როდესაც იწყებ ლაპარაკს მაშინ გემუქრება საბრთხე, მიტროპოლიტ პეტრეს რო ქონდა დასაკარგი, ისეთი არცერთს არ ჰქონია და უნდა ითქვას, რომ არც შეუქმნია. ადამიანებზე ზრუნვა, ეპარქიის განვითარება, განათლების წახალისება (რაც პირადად მე ჩამაბარა), სხვადასხვა საზაფხულო პროექტი, კონფერენცია-ღონისძიებები. თუ ვინმემ მართლა დაკარგა და ამაზე შეგნებულად წავიდა, ეს იყო მეუფე პეტრე. მას არაფერი ქონდა საძებნი მატერიალურად, მაგრამ რისთვისაც ახმარდა ამ მატერიალურ მონაგარს იქ იყო მთავარი პრობლემა, ეკლესიის ერთობაში. ადამიანები სიტყვით მიეჩვივნენ ,,სიმართლის” თქმას, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ კონფორმიზმისთვის. ფული, პატივი და დიდება იშვიათი დასათმობია, რასაც ერთეულები ახერხებენ. არა მხოლოდ დათმობა, შეგნებულად მიდიხარ ისეთი ინსტიტუციის წინააღმდეგ რომელიც ღმერთის სახელით განადგურებას გპირდება.

ღმერთის სახელით შეუძლია საზოგადოება დარაზმოს და მტრად გამოგაცხადოს. ყველას თავისი ინტერესი აღრჩობს, თუმცა დგება დრო, როდესაც ეს ინტერესები ფერფლად იქცევა და უზენაისის წინაშე ,,შიშველი” წარვსდგებით, როგორც მართალი იობი იტყოდა: შიშველი მოვედი და შიშველი წავალ! უფალმა ომზე ბრძანა: ვინც სრულიად დაითმინოს, იგი ცხონდესო. დაწყებული ომის სანახევროდ წარმართვა ეს მარცხია… ომიდან გაქცეულებს კი ლაჩრები და დამარცხებულები ეწოდებათ. მე არ ვიცი წინასწარ რას მოვიმოქმედებ, მაგრამ ვხედავ რომ მეუფე პეტრე ყველაზე უკეთ აცნობიერებს მნიშვნელობას ბოლომდე ,,ომისა”. ეს ომი ხელჩართულ ომზე უარესია, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: ,,არა სისხლთა და ხორცთა, არამედ … ცისქვეშეთში უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6.12). ეშმაკი ისე ინიღბება თავს წმინდანად წარმოაჩენს; როდესაც ვაკვირდები ეპისკოპოსების მხრიდან მზაკვრობისა და სიცრუის ტალღებს რამხელა ,,ზღვა” უმაგრებს ზურგს, მერე აღარ გაგიკვირდება.

რწმენის გარეშე შეუძებელია გაუძლოს ადამიანმა ამ ბრძოლას: ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, მოთმინებით… ვფიქრობ, რომ რწმენა, ლოცვა და ბრძოლა ერთდროულად გამოაჩენს გზას და უფალი თავად დაამარცხებს ამ სივერაგეს, რადგან ნათქვამია: ,,ესენი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა ვხადოდეთ. იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით. უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.” (ფს. 19. 7-9).
ყველას ერთი მომავალი გვაქვს, თუ ვინმე ხმას ამოიღებს: შეუჩერებენ მღვდლობას ან განკვეთენ, თუმცა ეს არსებითად არაფერს ნიშნავს. უსამართლო განკვეთა ისეთივეა, როგორც უსამართლოდ ციხეში ჩაგსვან. კანონდამრღვევი უფრო შესაცოდია, ვიდრე კანონმორჩილი ადამიანი, რომელსაც იმიტომ სჯიან რომ კანონი დაიცვა! ვისაც მეუფე ეწოდება, განა ყველა მეუფეა და ვინც ენას ატრიალებს, ყველა ჭეშმარიტი! მირჩევნია მექრვას დასჯილი, ვიდრე ბოროტების ჩამდენი ეპისკოპოსები გავამართლო! ღმერთმა დალოცოს მიტროპოლიტი პეტრე, რომელიც ათას სიბინძურესა და ცილისწამებას უძლებს ყველა კუთხიდან, მაგრამ მაინც ფეხზე დგას და იბრძვით სიყალბის წინააღმდეგ!” – ამბობს მამა ანდრია სარია.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშილევან ბეჟაშვილი – არჩევნებს აგებენ და ივანიშვილი გამოაგორეს
შემდეგი სტატიაპარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს