მამა ანდრია დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე: აგონიაში ვარ, ვფიქრობდი, სიზმარში ხომ არ ვარ-მეთქი

პროკურატურის მიერ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარი მამა ანდრია თურმანიძე აცხადებს, რომ მომხდარით გაოგნებულია და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში, მასთან კავშირი არ ქქონია.

ამის შესახებ მამა ანდრიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

„პროკურატურის ბრიფინგს ვუსმენდი და საერთოდ, აგონიაში ვარ და ვფიქრობდი, სიზმარში ხომ არ ვარ-მეთქი. მამა გიორგისთან არ მაქვს შეხება, რაც თბილისში გადავიდა და იშვიათად ვნახულობდი. როგორც ვიცი, ბევრი საქმე ჰქონდა და თბილისში მუშაობდა. ახლობლობაც გვქონდა, სტიქაროსანი იყო ისიც და მეც. ზოგი ადამიანი დადებითია და ზოგი უარყოფითი, მაგრამ ასეთი რამ ვერც კი წარმომეგინა. ჩემს აზრს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ქუჩაში გამვლელი ადამიანი ვარ ამ შემთხვევაში“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია თურმანიძემ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. აღნიშნულ დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლი ითვალისწინებს.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. გუშინ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: სრულიად სახელმწიფოს წინაშე უმძიმესი დანაშაული იქნა თავიდან აცილებული
შემდეგი სტატიარუსეთის საპატრიარქო – პატრიარქ ილია მეორის შესაძლო მოწამვლის ისტორია საკმაოდ უცნაურია