მალხაზ თორია: ორსანტიაში მასიური ტესტირება მოხდება

ორსანტია კოვიდ ტესტირება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში 11 კოვიდ დადებითი შემთხვევა გამოვლინდა, გაიტესტა 51 ადამიანი. 31 მარტიდან დღემდე სოფელში სულ გამოვლენილია 17 ახალი შემთხვევა. ორსანტიაში კოროავირუსის ახალი კერა სავარაუდოდ ფოთში მდებარე ,,აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება, სწორედ აქ მომუშავე 4 ქალბატონს დაუდგინდა თავდაპირველად ვირუსი.

,,სოფელ ორსანტიაში დღეს გამოკვლეული 51 ადამიანიდან თერთმეტს კორონავირუსი დაუდგინდა, ისინი არიან ფოთის ,,აჭარა ტექსტილის“ ფაბრიკაში მომუშავე ოთხი ქალბატონის კონტაქტები, რომლებიც ამ სოფელში ცხოვრობენ. საერთო ჯამში ბოლო სამი დღის განმავლობაში ორსანტიაში კოვიდინფექცია დაუდასტურდა 17 მოქალაქეს. ჩვენ პრევენციისთვის ამ სოფელში დავიწყეთ ტესტირებები, მოხდება სოფელში მცხოვრები ადამიანების თერმოსკრინინგი და მათი მასიური ტესტირება, რათა დროულად იქნას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები და არ მოხდეს ვირუსის გავრცელება“ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, რომელიც ორსანტიაში ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად იმყოფებოდა.

გამოკვლეულია კოვიდ დადებითი მოქალაქეების კონტაქტები, მათი ნაწილი დღეს გაიტესა და პროცესი გრძელდება.

სოფელში პოლიციასთან ერთად მიმდინარეობს მოქალაქეების თერმოსკრინინგი, ჯანდაცვის მუნიციპალური დანაყოფის მიერ ხორციელდება ადგილობრივების მასიური ტესტირება. სოფელში მომდევნო 12 დღის განმავლობაში მკაცრი კონტროლი განხორციელდება. ხვალიდან ორსანტიაში ტესტირების პროცესში სამი ბრიგადა ჩაერთვება.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო დაუმორჩილებლობა პარლამენტთან – აქცია გრძელდება
შემდეგი სტატიამელია: გახარია თუ ამხელს ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სხვა სცენარია