მალხაზ მაჩალიკაშვილი – მე და ზაზა სარალიძე რვა თვეა ქუჩაში ვართ და სამართალს ვერ ვპოულობთ – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სისხლიანმა რეჟიმმა პასუხი აგოს

მე და ზაზა სარალიძე უკვე რვა თვეა ქუჩაში ვართ და სამართალს ვერ ვპოულობთ. ქუჩაში ვართ მშივრები, მწყურვალები, ეს არაფერია, ჩვენ ყველაფერს ავიტანთ, – ამ სიტყვებით მიმართა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად შეკრებილ საზოგადოებას.

მისი თქმით, ისეთი ხელისუფლება არ სჭირდება, რომელსაც შვილების სისხლში აქვს ხელები ამოსვრილი.

„ძალიან მიყვარხართ ყველანი. როგორც თქვენ გიყვარვართ, ისე მიყვარხართ მეც. მე და ბატონი სარალიძე უკვე რვა თვეა ქუჩაში ვართ და სამართალს ვერ ვპოულობთ. ქუჩაში ვართ მშივრები, მწყურვალები, ეს არაფერია, ჩვენ ყველაფერს ავიტანთ. რა დროც იქნება საჭირო, იმდენი ხანი გავუძლებთ, არაფერი შეგვაშინებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ სისხლიანმა რეჟიმმა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე, რაც აქვს ჩადენილი ჩემი, პანსიკის ხეობის და ქისტი დების და ძმების წინააღმდეგ. ვითომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა მოიტანა ქისტებში სისხლი და სიკვდილი. ჩვენ ამას არასდროს არავის ვაპატიებთ, ყველამ სამართლებრივად უნდა აგოს პასუხი. თემირლანთან ერთად ამ ხელისუფლებამ ჩაკლა ქისტობა, გაანადგურა ქისტი მოსახლეობა. მე ვფიქრობდი ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდებოდა ქართული სულის, გულის და მეტყოდა რაიმეს თუნდაც დასამშვიდებლად. არადა ესენი პირიქით, ხაინდრავასნაირებს ალაპარაკებენ ჩვენზე. თემირლანი ტერორისტი არ ყოფილა. მე ტერორისტი შვილი არ გამიზრდია. დიდი სიმწრით გავზარდე თემირლანი 19 წელი და უსაფრთხოების სამსახურმა ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა და ამომძირკვა დედა-ბუდიანად. მე და ბატონმა ზაზა სარალიძემ ერთად დავიწყეთ ბრძოლა. ყველამ ვიცით, რა დღეშია ბატონი ზაზა. მისი შვილი არის მოკლული, მაგრამ მკვლელი არ ჩანს. მე ქართველი ხალხის ძალიან დიდი იმედი მაქვს, ღრმად ვარ დარწმუნებული დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც ამოისვარა სისხლში ხელები. მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის. მე ასეთი ხელისუფლება არ მინდა. ძალა ერთობაშია, ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით სახელმწიფოს, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მომავლის საპატივცემულოდ. საქართველო იქნება ღირსეული ქვეყანა“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ფილარმონიაში, მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებთან შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ.

banner
წინა სტატიაშიქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ
შემდეგი სტატია„ძალიან მალე, როდესაც შეიცვლება პოლიტიკური დღის წესრიგი, ნახავენ როგორ დაისჯებიან მათი შვილების მკვლელები“ – ზაალ უდუმაშვილი