მალხაზ მაჩალიკაშვილი : ხელისუფლებას ჩემი განადგურება უნდოდა, მაგრამ ვერ მივართვი

რატომ ითხოვს ივანიშვილთან შეხვედრას, ვინ ცდილობს პანკისში არეულობის მოწყობას, ვის და რატომ უნდა მისი განადგურება, მოდის თუ არა პოლიტიკაში? _ ამის შესახებ ,,ახალ თაობას” შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ესაუბრება.

_ რამდენიმე დღის წინ დააკავეს თქვენი ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი. თქვენი აზრით, ეს უშუალოდ თქვენ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებაა თუ იმ დაკავებების სერიის ნაწილია, რომელიც გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ დაიწყო ქვეყანაში?

_ ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, არის ტერორი და რეპრესიები. ტერორს მთელი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებენ.

ერთ წელიწადში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ახლა რომ ვთქვა, 2020 წლისთვის პოლიტიკურ ველს ასუფთავებენ, მართალი არ ვიქნები. პოლიტიკურ ველს კი არ ასუფთავებენ, არამედ წინასწარ იღებენ გარანტიებს _ იმ ადამიანებს ამწყვდევენ ციხეში, ვინც მათ არჩევნების გაყალბებაში ხელს შეუშლის.

რაც შეეხება ჩემს ძმისშვილს, მორისს, ის ჩემი თემირლანის ადგილზე მყავდა. თემირლანი ამ ხელისუფლებამ მხეცურად მომიკლა. ამ ამბავმა გამანადგურა. მორისის დაკავებით კი ,,ოცნებამ” სხეულიდან გული ამომაცალა. მორისის დაკავება არის პირდაპირი შურისძიება ჩემზე.

_ ვინ და რისთვის იძია თქვენზე შური? თქვენ შვილი მოგიკლეს და შვილმოკლულ მამაზე კიდევ რატომ უნდა იძიონ შური?

_ იცით, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, კარვების აქციას ვმართავთ. ლამის ერთი წელია, მხეცურად მოკლული თემირლანის საქმის გამოძიებას ვითხოვთ.

ხელისუფლებაში ჩათვალეს, რომ 20-21 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ, კარვების აქციაც დაიშლებოდა. ჩემი აქცია ყელში აქვთ გაჩხერილი და რუსთაველზე კარვების დანახვა ამათთვის მეხის დაცემასავით არის. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ მთელი ხელისუფლება ზანზარებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამო.

რადგან ეს არ გაუვიდათ და იმ სისხლიანი დარბევის შემდეგ ხელმეორედ დავუდგი კარავი, ჩემზე შური იძიეს _ ციხეში გამოკეტეს ჩემი ძმისშვილი. რომელიც ჩემი შვილობილი და იმედია.

მორისის დაჭერით გული ამომაცალეს. მათი მხრიდან ამის გაკეთება იყო საკონტროლო ტყვიის სროლა, ეგონათ, საბოლოოდ გამანადგურებდნენ, მაგრამ ვერ მივართვი.

_ 20-21 ივნისის ღამე ახსენეთ და იმ ღამეს თქვენც მოგხვდათ ტყვია, საავადმყოფოშიც იყავით გადაყვანილი. ახლა როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

_ გულამოცლილი ვარ, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებ. იმ სისხლიან, თვალების დათხრის ღამეს თითქმის ყველა გაანეიტრალეს, ვინც მე მიცავდა. ორი ახლობელი მედგა გვერდზე, ერთი მორისი იყო, ორივეს ტყვიები დაუშინეს. როგორც კი ისინი წაიქცნენ, მერე მე მესროლეს პირდაპირ თავში.

საავადმყოფოში გადამიყვანეს და ნაკერები დამადეს. ყველას 3 დღეში მოხსნეს ნაკერი, მე მხოლოდ 10 დღის შემდეგ _ იმდენად ღრმად შემავალი ჭრილობა იყო.

_ არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ არის სერიოზული ეჭვები, რომ ვიღაცები შეგნებულად ცდილობენ, პანკისის ხეობა აუმხედრონ ქართულ სახელმწიფოს. ბოლო დროს პანკისის მიმართულებით რამდენიმე სერიოზულ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. თქვენ რას გვეტყვით ამ ვერსიაზე?

_ ამასთან დაკავშირებით სრულ სიმართლეს გეტყვით და რასაც ვიტყვი, ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ.

თემირლანის მკვლელობის მერე რაც გადავიტანე, კარგად გახსოვთ. არანაკლებ განიცადეს ეს ამბავი ხეობაშიც. ერთი სიტყვა რომ მეთქვა, მთელი პანკისი თბილისში ჩამოვიდოდა და აქციას გამართავდა. გარკვეული ძალები ცდილობდნენ კიდევაც ამის გაკეთებას. უნდოდათ, რომ ისინი რამენაირად თბილისში ჩამომეყვანა, რათა შემდეგ პროვოკაცია მოეწყოთ. ისე დაეხატათ სურათი, რომ ქისტები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიოდნენ.

ძალიან მეშინოდა, ასეთი რამ არ მომხდარიყო. დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ ქისტები თბილისში არ ჩამოსულიყვნენ აქციის მოსაწყობად.

იგივე ხდება ჩემი მორისის დაკავებითაც. მიდის რაღაც მოძრაობები, რომ ამ ფაქტზე პანკისიდან წამოვიდეს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლა.

_ ზეწოლაში რას გულისხმობთ?

_ გზის გადაკეტვები და ასე შემდეგ. მერე ამას პროვოკაცია მოჰყვებოდა. ეს ზოგიერთის ინტერესში იყო, მაგრამ ვერ მივართვი. არ დავუშვებ, რომ ქისტები ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს დაუპირისპირდნენ.

ჩემი ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისკენ არის მიმართული და არ დავუშვებ, რომ ჩემმა ბრძოლამ ქართველი ხალხი რამენაირად დააზარალოს.

აქვე პირობას გაძლევთ, რომ მხოლოდ კანონის ძალით დავამარცხებ ამ ხელისუფლებას. აუცილებლად დავაჩოქებ ივანიშვილის ბოროტ, სისხლიან სისტემას.

_ ივანიშვილი ახსენეთ და ადრე თქვენ მასთან შეხვედრას ითხოვდით. ისევ გაქვთ `ოცნების~ ლიდერთან შეხვედრის სურვილი?

_ მასთან შეხვედრას ახლაც ვითხოვ, საშუალება თუ მომეცემა, ახლავე დაველაპარაკები მას.

_ რაზე აპირებთ მასთან საუბარს?

_ უსამართლობაზე, მინდა ვუთხრა, როგორ უსამართლოდ მექცევა მისი ბოროტი, სისხლიანი ხელისუფლება.

_ თქვენი აზრით, მან არ იცის, რაც მალხაზ მაჩალიკაშვილის თავს ხდება?

_ დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონკრეტულ საქმეში ჩახედული არ არის. დანარჩენი ქაოსი და უბედურება რაც არის, ამის შესახებ ინფორმირებულია. მეტიც, ეს ყველაფერი მისგან მოდის.

როცა ადამიანებს რამსები ერევათ და ძალაუფლების დაკარგვის ეშინიათ, ისინი კონტროლიდან გამოდიან. კონტროლიდან გამოსვლას გაბოროტება მოსდევს. როდესაც ადამიანი გაბოროტდება, მისი საქმე უკვე წასულია.

დღეს ,,ოცნება” ძალაუფლების დაკარგვის შიშით არის გაბოროტებული და ის ყველაფერზე მიდის.

_ თქვენ გვერდით ხშირად არიან პოლიტიკოსები, ზოგჯერ თქვენც მიდიხართ მათთან. შემთხვევით პოლიტიკაში ხომ არ აპირებთ მოსვლას?

_ პოლიტიკაში ჩემს შესაძლო მოსვლაზე ძალიან ბევრს საუბრობენ. ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს და მირჩევს, რომ პარტია შევქმნა, ან რომელიმე პარტიაში შევიდე. მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.

_ რატომ ხართ ამის წინააღმდეგი?

_ არ ვარ მე ის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში გამოდგება. მე ჩემი გზა და ჩემი ბრძოლა მაქვს. ის ბრძოლა უნდა მივიყვანო ბოლომდე. ამქვეყნიური ჯოჯოხეთიდან მხოლოდ მაშინ გამოვალ, როცა ვნახავ, რომ ჩემი შვილის მკვლელი კანონმა დასაჯა.

ჩემ გარდა, კიდევ ბევრი ადამიანია დღეს ჯოჯოხეთში. სამწუხაროდ, მთელი ქვეყანაა დღეს ჯოჯოხეთში. მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური ჯოჯოხეთი უნდა დავამთავროთ, მაგრამ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. მე მებრძოლი ადამიანი ვარ და ბოლომდე უნდა ვიბრძოლო. ვიბრძოლებ კიდევაც.

ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ყველა ის ადამიანი გაათავისუფლონ, რომლებიც გავრილოვის ღამეს დააკავეს. ყველა უკანონოდ დაპატიმრებული ჩემი ძმა და ჩემი შვილია.

 

ავტორი : შორენა მარსაგიშვილი

 

banner
წინა სტატიაშიგაგებაში არ ვარ – კალაძე ამტკიცებს, რომ ყურის მოჭრით დასჯილი “გლობუსას” შესახებ არაფერი იცის
შემდეგი სტატიაბეჟან ნათელაშვილი : დაიმახსოვროს ივანიშვილმა, ვაჭრისგან დიქტატორი არ დადგება