მალხაზ მაჩალიკაშვილი – დამოუკიდებელი ექსპერტების მაია ნიკოლაიშვილის და ზაზა ალთუნაშვილის მოსყიდვა ვერ შეძლეს

ამ დასკვნით გამოჩნდა ჩემთვის მთავარი, რომ თემირლანი იწვა და მას თავი არ აქვს წამოწეული. ამ ფაქტს ეს ნაძირალა ხელისუფლება, ეს სისტემა ვერ გაურბის, ეს ცხადად ჩანს უბრალო ადამიანისთვისაც, ფაქტები სახეზეა, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც ის ადვოკატთან, მარიამ კუბლაშვილთან ერთად, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო.

როგორც მაჩალიკაშვილი აცხადებს, სიმართლე იცის იმ სპეცრაზმელმა, ვისი მხრიდანაც მოხდა გასროლა და აქვე დასძენს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტების, მაია ნიკოლაიშვილისა და ზაზა ალთუნაშვილის მოსყიდვა ვერ შეძლებს.

„დასკვნა 2 კვირაში უნდა დადებულიყო. 6 თვე გავიდა და ვერაფრით ვერ შეძლეს მაია ნიკოლაიშვილის და ზაზა ალთუნაშვილის მოსყიდვა. დღემდე ასე გრძელდება. ჩემთვის მთავარია, რომ თემირლანს ეძინა, თემირლანს თავი არ აქვს წამოწეული. ნიკოლაიშვილი ამტკიცებს, რომ საერთოდ არ არის ადგილიდან განძრეული, მეორე ექსპერტიზა ამტკიცებს, ფეხები იქით ჰქონდა, ფეხები აქეთ ჰქონდაო, რაღაცას ცდილობენ. ეს ყველაფერი იმ სპეცრაზმელმა იცის. იმ სპეცრაზმელმა ისეთი დანაშაული ჩაიდინა, საქართველოს ისტორიაში ბადალი არ ჰყავს და მე მგონი, დაფიქრდება. მე მგონი, დღეს ის მიყურებს და მე მგონი, დაფიქრდება“, – აცხადებს მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიამტაცებლის შემოსევა თელავის მუნიციპალიტეტში – სოფელ შალაურში მგლებმა საქონელი დაგლიჯეს