მალხაზ მაჩალიკაშვილი – ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ სიმართლე ეთქვა

ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, თემირლანს თავზე ვედექი და პირველი შეკითხვა დავუსვი ყოვლისშემძლე ალაჰს – “რატომ ეს?!”, – ამის სახებ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.

მისი თქმით, ის მიმდინარე წლის 26 დეკემბრამდე ელოდებოდა ხელისუფლებას, რომ მისთვის ბოდიში მაინც მოეხადათ.

„ცოტა ხნის წინ გავაკეთე განცხადება, რომ მე დავიცდიდი, ხელისუფლება 26 დეკემბრამდე რა პასუხს გამცემდა. ჩემი მთავარი მოთხოვნა იყო, 26 დეკემბრამდე სახელმწიფოს შეცდომა ეღიარებინა. ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, თემირლანს თავზე ვედექი და პირველი შეკითხვა დავუსვი ყოვლისშემძლე ალაჰს – “რატომ ეს?!” როცა თემირლანს დავხედე, მაშინვე მივხვდი, რომ გასროლის წამშივე მოკლული იყო და ეს დავმალე იმიტომ, რომ დედამისს, მის დას ან ბებიას გული არ გაუსკდეს-მეთქი. მე თვითონ, ჩემს თავში დავრწმუნდი, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ვყოფილვარ, იმიტომ, რომ აქამდე მოვედი. პირველი დღიდან ამას ვამბობდი, რომ ამ ხელისუფლების ხელში არაფრის იმედი არ მაქვს. ამას იმიტომ ვამბობდი, რომ როდესაც სახელმწიფო ასეთ შეცდომას უშვებს, იქ გამორიცხულია, მან რაღაც შედეგი დადოს და სიმართლე თქვას.

ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ სიმართლე ეთქვა. მთლიანად არ მოვითხოვ სიმართლეს, რაღაც პროცენტულად მაინც რომ ეთქვა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, “ოცნების გუნდში” ყველა ერთმანეთზე უარესი გამოვიდა და მინდოდა თუ არა, ამათი მტერი გავხდი.

მე ველოდებოდი, იქნება 26 დეკემბრამდე რამე გამოხმაურება ყოფილიყო, იქნებ ჩემთვის ბოდიშით მაინც მოემართათ, მაგრამ არაუშავს”, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, სპეცოპერაციის შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილთან სუს-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, ამიტომ ხელყუმბარასთან დაკავშირებული ეპიზოდი სიმართლეს არ შეესაბამება.

„3 საათის განმავლობაში თემირლანის ცხედარი სუს-ის მაღალჩინოსნებთან იყო, სანამ ხელყუმბარა არ მოიტანეს, საავადმყოფოში მანამდე არ გადაიყვანეს. საავადმყოფოში არა კატასტროფის ბრიგადის მიერ, არამედ თავიანთივე მანქანით არის გადაყვანილი. მათ ოჯახებს ნუ მოაკლდებათ კატასტროფა და 100 ჩემნაირი ადამიანი, ვისაც ამ საქმეში აქვს ხელი გარეული”, -განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საახალწლო დღეებში პიროტენიკის გამოყენებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს
შემდეგი სტატიასაგარეო უწყების წლიურ ანგარიშში აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზეც არის საუბარი