მალხაზ დოლიძე – პურის 10-თეთრიან მატებას ქვეყანა არ დაუქცევია

„პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე ადასტურებს, რომ პურის ფასმა 10 თეთრით მოიმატა.როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, ფასების მატება მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ღირებულების ზრდამ განაპირობა.

„ვადასტურებ, რომ პურის ფასზე 10 – თეთრიანი ზრდა არის. დღეს მსოფლიოში ხორბლის ღირებულება რეკორდულ ნიშნულზეა, 300 დოლარს გასცდა. როგორც ცნობილია, ჩვენ სუბსიდირების პროგრამა დავასრულეთ, სახელმწიფო თითქმის 1 წელი ცდილობდა, პური არ გაძვირებულიყო, თუმცა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს რომ დავაკვირდეთ, იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენზე მეტი ხორბალი მოჰყავთ, იქ პურის ფასი ბევრად მეტია, ვიდრე საქართველოში. აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის ან სომხეთის მაგალითი რომ ავიღოთ. როდესაც ამ სურათს ვუყურებთ, პურზე 10 – თეთრიანი ცვალებადობა არამგონია ისე მტკივნეული იყოს, ამ ფაქტს ფასების მკვერი ზრდა დავარქვათ.

ჯერ კიდევ არჩევნებამდე, ფქვილის ღირებულების მატება დაიწყო, რამაც ჩვენი წარმოებების მუშაობა გაართულა. პურის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის გაუქმების შემდეგ, თვითღირებულებაში ვერ ვჯდებოდით. როგორც კი მსოფლიო ბაზარზე ცვლილებები იწყებოდა, ეს ჩვენზეც უარყოფითად აისახებოდა. პური არის ის პროდუქტი, რომელზეც ფასების ხშირი ცვალებადობა არასერიოზულობაა, თუმცა, ნამდვილად მტკივნეული პროცესია. ჩვენ ეს საკითხი რამდენჯერმე დავსვით სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე. მინისტრის განმარტება იყო, რომ დღეს საქართველოში პურის ფასი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დაბალია. ამ ადამიანმა თქვა ის სიმართლე, რაც არის. ვფიქრობ, დღეს პურის 10 – თეთრიან მატებას ქვეყანა არ დაუქცევია“,-განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, არავის ინტერესში არ შედის ის, რომ პურზე ფასი გაიზარდოს. როგორც მალხაზ დოლიძე აცხადებს, დღეს ყველა პური შეფუთული იყიდება, რადგან ეს მოსახლეობის მოთხოვნაა.

„მესმის, შეჭირვებული ქვეყანა ვართ და ყველას გაუჭირდა, ეს ხომ ფაქტია. დღევანდელ ეკონომიკურ სიტუაციას რეალურად უნდა შევხედოთ. არავის აქვს იმის ინტერესი, რომ პურზე ფასი გაიზარდოს და ამით ისარგებლოს, მთავარია, გადავრჩეთ და რაღაცნაირად თავი გავიტანოთ. ჩვენ შეგვეძლო პური არ გაგვეძვირებინა, თუმცა არცერთი პური შეფუთული არ გამოვიდოდა. თუმცა, მოსახლეობას ასეთი პური არ უნდა, ითხოვს, რომ ყველა პური შეფუთული იყოს. მარტო შესაფუთი მასალა 15-16 თეთრი ჯდება. მგონია, სიკეთეს აკეთებს პურის წარმოება, რომ სტაბილურად მუშაობს და ფასს ინარჩუნებს“,-განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა სამომავლოდ პურზე ფასების მატება, მალხაზ დოლიძე პასუხობს, რომ ეს ისევ და ისევ ხორბლისა და ფქვილის ფასებზეა დამოკიდებული.

„ჩვენ იმ გლობალურ სისტემაში ვართ, რასაც მსოფლიო ჰქვია. მსოფლიოში რომ შეიცვლება ხორბლის ფასი, მაგალითად, 500 დოლარი რომ გახდეს, ჩვენ რა გავაკეთოთ?! ყველაზე გამჭვირვალე დარგი არის პურის მრეწველობა. რატომ? იმიტომ, რომ ყველამ იცის, რა ღირს ერთი ტომარა ფქვილი, წყალი, მარილი და საფუარი. ნებისმიერი ბუღალტერი გააკეთებს კალკულაციას“, – განაცხადა დოლიძემ.

მან ასევე გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა განმარტება, თითქოს თბილისის ცალკეულ უბნებში პურის დეფიციტია. როგორც მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, საქართველოში პურზე დეფიციტი არ არის.

„საქართველოში პურის დეფიციტი არ არის, დღეს ეს პრობლემა მოხსნილია. დისტრიბუცია მუშაობს და მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. ყოველთვის ვცდილობთ, მოსახლეობასთან მართალი ვიყოთ. თუმცა, თავს ზემოთ ძალა არ არის, როცა ხორბლისა და ფქვილის ფასი იზრდება. სხვათაშორის, დღეს ფქვილის ფასი 72 თუ 73 ლარი გახდა, 1 ლარით გაიზარდა, რაც ძალიან არასასიამოვნოა“, – განაცხადა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიუწყვეტი განვითარების ისტორია – „ჟუჟუნა“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს
შემდეგი სტატიაცესკომ დაავალა საოლქო კომისიებს, რომ არ გახსნან ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი უბნები, ეს არის არჩევნების გაყალბების ორკესტირებული მცდელობა – ბესიკ დონაძე