მაკრონი ივანიშვილს: გათავისუფლდნენ დაკავებულები, პატივი ეცით გამოხატვის თავისუფლებას

საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლე ემანუელ მაკრონისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, მაკრონმა მოითხოვა ყველა თვითნებურად დაპატიმრებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა ივანიშვილს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემისკენ.

“საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი თავისი ინიციატივით ესაუბრა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

მან დაგმო როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის დაშინება, ასევე სამართალდამცავი ორგანოების ძალადობა მშვიდობიანი მანიფესტანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან მოითხოვა ყველა თვითნებურად დაპატიმრებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემისკენ. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა საკუთარი იმედგაცრუება საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევის გამო და ხაზი გაუსვა საკუთარ რწმენას, რომ ის მიმართულება და გადაწყვეტილებები რომელიც იქნა მიღებული ან მომავალში მიიღება, აუცილებლად აისახება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკური ძალისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რაც კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული” – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, ქართული ოცნების გავრცელებული განცხადებით, ერთსაათიანი სატელეფონო საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ “წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა”.

ქართული ოცნების ცნობით, ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და “შეფასდება მიღწეული პროგრესი”.

banner
წინა სტატიაშიიოზვიაკი: EU საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზოს შეჩერებას განიხილავს
შემდეგი სტატიადაბა კაზრეთში საჯარო სკოლის თანამშრომელს ჭრილობა მიაყენეს