ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, თუ ცეცხლის შეწყვეტა მიღწეული იქნება, ძალიან რთული იქნება იმის შემოწმება, რომ ფრონტის ხაზი დაცულია. აქედან გამომდინარე, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან, ჯარები მხოლოდ შემდეგ ეტაპზე განალაგონ.
„უახლოეს კვირებში უკრაინის მიწაზე ევროპული ჯარები არ იქნება. საკითხავია, როგორ გამოვიყენოთ ეს დრო, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, მოლაპარაკებებს, რომელიც რამდენიმე კვირას გაგრძელდება და შემდეგ, როგორც კი მშვიდობა გაფორმდება, [ჯარების] განლაგება მოხდება“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპას მშვიდობა სურს, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად – როდესაც უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს.