„მახვილით მოსული, ამ მახვილითვე მოკვდება“ – ფადი ასლის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარე, ფადი ასლი “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წერილით მიმართავს და წერს, რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, ისტორია კი ივანიშვილს სახელს ერის ყველა მოღალატესთან ერთად ჩაიწერს.

ფადი ასლი ამბობს, რომ ივანიშვილმა გზის დასასრულს მიაღწია. მისი თქმით, ოქტომბერში ქართველი ხალხი მას და მის მთავრობას გააძევებს, ამ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის კი პასუხი მოეკითხებათ.

ფადი ასლი ივანიშვილს ახსენებს მანამდე მიწერილ სიტყვებს – “მახვილით მოსული, ამ მახვილითვე მოკვდება”.

იხილეთ წერილი:

“ბატონო ბიძინა, ახლა, როდესაც თქვენი ნამდვილი სახე საბოლოოდ გამოჩნდა, მოგმართავთ იმის მიხედვით, თუ რასაც წარმოადგენთ: თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც თორმეტი წლის განმავლობაში ყველას ატყუებდა – დაწყებული საკუთარი ამომრჩევლებით, რომლებიც 2020 წელს ჯერ თქვენი პარტიის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი პრო-ევროპული პროგრამით შეაცდინეთ, შემდეგ კი უღალატეთ მათ და ქვეყანაში რუსეთის ინტერესების გატარება დაიწყეთ.

წლების განმავლობაში თქვენ მთელ დასავლურ საზოგადოებას ატყუებდით იმის მტკიცებით, რომ საქართველო დასავლეთისკენ მიგყავდათ, ამავდროულად კი ატყუებდით თქვენს რუს მოკავშირეებსაც, რომლებსაც არწმუნებდით, რომ საზოგადოებრივ აზრს ეფექტურად ცვლიდით რუსეთის სასარგებლოდ.

2012 წელს თქვენ მეც და თითოეული ქართველიც მოგვატყუეთ იმ დაპირებით, რომ გააგრძელებდით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კონსტრუქციულ ინიციატივებს და ბოლოს მოუღებდით მათ დანაშაულებრივ ქმედებებს; თუმცა თქვენი ქმედებები სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა. თქვენ შეწყვიტეთ ყველა ის პოზიტიური აქტივობა, რასაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახორციელებდა და მათი უარყოფითი ქმედებები კიდევ უფრო გაამწვავეთ და გაცილებით მაღალ დონეზე აიყვანეთ.

თქვენი წყალობით საქართველოში კორუფციამ შევარდნაძის ადმინისტრაციის დროს არსებულს გადააჭარბა. თქვენ დაასაქმეთ ათიათასობით უუნარო ადამიანი საჯარო სექტორში იმისთვის, რომ არჩევნების დროს უზრუნველგეყოთ მათი და მათი ოჯახების მუდმივი მხარდაჭერა თქვენი პარტიისთვის.

თქვენ ან მოისყიდეთ, ან სისტემატურად აშინებდით ბიზნესებსა და კერძო პირებს იმისათვის, რომ მათი ერთგულება უზრუნველგეყოთ, ან უბრალოდ წნეხის ქვეშ გყოლოდათ. და ბოლოს, თქვენ ღიად შეუერთდით რუსეთს თქვენი საიდუმლო “გეორგიევსკის ტრაქტატით”, წახვედით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და დაუპირისპირდით ჩვენს მოკავშირეებს, ისევე როგორც ქართველ ხალხს, რომლებიც, 200 წლის განმავლობაში, რუსეთისა და საბჭოთა ჩექმის ქვეშ მყოფები, ყველაფერს სწირავდნენ საკუთარი ერის კეთილდღეობისთვის.

ბატონო ბიძინა, თქვენი მთავარი პრობლემა გამომდინარეობს იმ დამახინჯებული წარმოდგენიდან, რომელიც საკუთარ თავზე გაგაჩნიათ. თქვენ გჯერათ, რომ იმაზე ბევრად უფრო ჭკვიანი ხართ, ვიდრე რეალურად ხართ და არც ვინმე გყავთ გარშემო ისეთი გამბედავი, ვინც სიმართლეს პირში გეტყვით.

დროდადრო, საკუთარი შესაძლებლობებისა და გავლენის გათვლაც გიჭირთ, მაგალითად: 29 აპრილს, თქვენი მნიშვნელოვანი გამოსვლიდან სულ რამდენიმე დღეში, თქვენი მონა-მორჩილი პრემიერ-მინისტრი უკვე უკან იხევს რუსეთის კანონმდებლობაზე და დასავლურ საზოგადოებას მის განხილვას საპრეზიდენტო ვეტოს შემდეგ სთავაზობს.

თქვენ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თქვენ, თქვენი პარტიის და თქვენი ხელისუფლების წინააღმდეგ აიმხედრეთ. ამ ასაკით უფროსმა ადამიანმა, ერთპიროვნულად გადაწყვიტეთ გაგენადგურებინათ მილიონობით ქართველი ახალგაზრდას ოცნებები და მისწრაფებები, რომლებიც საკუთარ მომავალს ევროპაში ხედავენ, რადგან ამპარტავნულად გჯერა, რომ მათზე უკეთ იცით რა არის მათთვის უკეთესი.

ასევე, დაუსრულებლად მიმართავთ ძალადობრივ ზომებს და მრავალრიცხოვანი, განსხვავებული აზრის მქონე ხმის ჩასახშობად ავაზაკებს იყენებთ, რაც საქართველოს დიქტატურისკენ უბიძგებს.

ბატონო ბიძინა, თქვენგან განსხვავებით, მე ჩემს პრინციპებს ყოველთვის ვიცავდი და ჩემს ფინანსურ ინტერესებს საქართველოსთვის ვწირავდი. მე ვარ წარუმატებელი ქვეყნიდან და ღრმად მჯერა, რომ საქართველო მეორე ლიბანი არ უნდა გახდეს. ქართველები იმსახურებენ თავისუფლებას და კეთილდღეობას და არა იმ დაბინძურებულ კეთილდღეობას, რასაც მათ თქვენ სთავაზობთ, მათი პრინციპების, ღირსებისა და სინდისის ფასად.

ბატონო ბიძინა, თქვენ გზის დასასრულს მიაღწიეთ. ოქტომბერში ქართველი ხალხი თანამდებობიდან გაგაძევებთ და რაც მთავარია, თქვენც და თქვენს ქვეშევრდომებსაც, თქვენი ხელისუფლების თორმეტი სისხლიანი წლის განმავლობაში ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის პასუხი მოგეკითხებათ.

კი ბატონო, შეგიძლიათ თქვენი ავაზაკები გამოგზავნოთ ჩემს ქუჩაში საცემად ან მოსაკლავადაც კი, თუმცა თქვენი მინიონები არც დიდად მანაღვლებს და არც მათი მეშინია. შეგიძლიათ ისე გააგრძელოთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით.

მე საკმარისი ვიცხოვრე და თუ ჩემი სიკვდილი საქართველოს საუცხოო ახალგაზრდა თაობის თავისუფლებასა და ნათელ მომავალს უზრუნველყოფს, ამ მსხვერპლსაც უყოყმანოდ გავიღებ. ეს პატივს მიაგებს ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს და ჩემს შვილიშვილებს.

გამომიგზავნე შენი ავაზაკები, მაგრამ კარგად გახსოვდეს, რაც ერთხელ უკვე მოგწერე: „მახვილით მოსული, ამ მახვილითვე მოკვდება“. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და თქვენი მუხანათური ხელისუფლების ნანგრევებიდან კეთილდღეობა და თავისუფლება წარმოიშობა, ისტორია კი თქვენს სახელს ერის ყველა მოღალატესთან ერთად ჩაიწერს”.

banner
წინა სტატიაშიწილოსანი – კასრების კადრებიდან უჩას პორნოგრაფიებამდე მივიდნენ
შემდეგი სტატიაქადაგიძე: ბოლო 48 საათში აჩერებენ კურიერებს, უღებენ ფოტოებს, აჯარიმებენ 1000 ლარით